KA
The Fortress of Bebris Tsikhe

ბებრის ციხე

საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას ხშირად უწევდა გადარჩენისთვის ბრძოლა, მტრის მოგერიება და თავისი როგორც გეოგრაფიული მდებარეობის, ისე კულტურული ძეგლებისა და დამწერლობის შენარჩუნება. ამის კარგი მაგალითია მთებზე აგებული ქართული ციხესიმაგრეები, რომლებიც დღეს უკვე ვალმოხდილი რაინდებივით გადმოჰყურებენ ქართული ბუნების გასაოცარ ლანდშაფტებს.  
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
მცხეთა

ბებრის ციხის მდებარეობა

სწორედ ასეთია შუა საუკუნეების ციხესიმაგრე - ბებრის ციხე, რომელიც მცხეთის ჩრდილოეთით, მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე, ბორცვზეა აღმართული. აქედან  მდინარეები - მტკვარი და არაგვი, მთები, მცხეთა და ჯვრის მონასტერიც კი ხელისგულივით მოჩანს.

ოდესღაც ეს ციხე მცხეთის შესასვლელს არაგვის ხეობის მხრიდან კეტავდა და სახელმწიფო მნიშვნელობის  ქალაქს მომთაბარე ტომების შემოსევებისგან იცავდა, რაც, არქეოლოგიური მასალების თანახმად, IV საუკუნიდან XVIII საუკუნის ჩათვლით გრძელდებოდა.

ბებრის ციხის სტრუქტურა

ბებრის ციხის კომპლექსიდან რამდენიმე ნაგებობაა შემორჩენილი. ციხე ორი ნაწილისგან შედგება - ციტადელისა და ქვედა ეზოსგან. ციტადელის ყოველ კუთხეში თითო კოშკი დგას. ყველაზე დიდი სამხრეთ-დასავლეთის სამსართულიანი კოშკია, რომლის სამივე სართული დაზიანებულია. ჩრდილოეთის კოშკში ყველა სართული შემორჩენილია, აღმოსავლეთის კოშკისგან კი მხოლოდ საძირკველია დარჩენილი. სამხრეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთის კოშკებში საბრძოლო (სავარაუდოდ, ისრის სატყორცნი) ხვრელებია. 

ციხის კოშკებს არა მარტო თავდაცვითი, არამედ საცხოვრებელი დანიშნულებაც ჰქონდა.  1156 წელს სწორედ ამ ციხეში გარდაიცვალა დავით აღმაშენებლის უფროსი ვაჟი და მემკვიდრე დემეტრე I, რომელიც შემდეგ გელათში გადაასვენეს.

ადგილობრივები ბებრის ციხის ლეგენდასაც მოგიყვებიან, რომლის თანახმადაც ამ ციხის მფარველად ღმერთს თავისი ანგელოზი გამოუგზავნია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა