საქართველოს გერმანულ სოფლებს შორის კატარინენფელდი ყველაზე დიდი, ქალაქური ტიპის დასახლება იყო, შესაბამისად, ის ახლანდელი ქალაქ ბოლნისის ცენტრის მნიშვნელოვან ტერიტორიას მოიცავს. კატარინენფელდის ყველაზე ძველი ნაწილი, რომელსაც ადგილობრივები „გერმანულ უბანს“ ეძახიან, ევანგელიკურ-ლუთერანული ეკლესიის (მერაბ კოსტავას ქ. N8) სიახლოვეს არსებული განაშენიანებაა, რომელსაც ფარნავაზ მეფის (ყოფილი ნიკოლოზის ქ.), გიორგი სააკაძისა და თამაზ სტეფანიას (ყოფილი კატარინას ქ.), წისქვილის, მერაბ კოსტავასა (ყოფილი ეკლესიის ქ.) და შოთა რუსთაველის (ყოფილი ბაღის ქ.) ქუჩები ეკუთვნის.
კატარინენფელდს სახელი ვიურტემბერგის დედოფალ კატარინეს პატივსაცემად მიენიჭა. ჯერ პირველი მსოფლიო ომის დროს და შემდეგ საბჭოთა პერიოდში - გერმანულ სოფლებს სახელები შეეცვალა. როზა ლუქსემბურგის, პატივსაცემად კატარინენფელდს ლუქსემბურგი დაარქვეს, სახელი ბოლნისი კი მას 1943 წელს ეწოდა. ბოლნისის „გერმანული უბანი“ კატარინენფელდის უძველესი ადგილია და დასახლების მთავარი საკულტო, საზოგადოებრივი და გამორჩეული ხუროთმოძღვრული ღირებულების საცხოვრებელი სახლებიც სწორედ აქ არის თავმოყრილი.
ევანგელიკურ-ლუთერანული ეკლესია კატარინენფელდში ხელისუფლებამ 1854 წელს ააშენა. ტაძარს მაღალი სამრეკლო კოშკი ჰქონდა, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ დაანგრია, შემდეგ ახალი სათავსები მიაშენა და იქ სპორტული დარბაზი მოაწყო (მერაბ კოსტავას ქ. N8). ეს შენობა დღემდე სპორტულ ღონისძიებებს ეთმობა.
კატარინენფელდის ეკლესიის ახლოს მდებარეობს პასტორის სახლიც (მერაბ კოსტავას ქ. N3), რომლის ფასადი და სხვენი ახლა მთლიანად გადაკეთებულია, თუმცა სარდაფები და ძირითადი კედლები ავთენტიკურია. აგრეთვე, ეკლესიის სიახლოვეს არსებულ, 1845 წელს აშენებულ სოფლის სათემო სახლის ერთსართულიან შენობაზე 1920 წელს დამატებითი სართული დაშენდა და მოგვიანებით სკოლად გადაკეთდა. 2019 წელს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით მისი რესტავრაცია-ადაპტაცია განხორციელდა და იქ ბოლნისის კულტურის ცენტრი განთავსდა (ფარნავაზ მეფის ქ. N41).
უწინ სოფელში სამი წისქვილი იყო; ერთი, კოცლეს ოჯახის ყოფილი წისქვილი, ბოლნისელი ოჯახის გერმანელმა სიძემ იყიდა ათიოდე წლის წინათ, შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარა და დღეს აქ ცნობილი სასტუმრო და რესტორანი „გერმანულ წისქვილია“ (სიონის ქ. N4).
დასახლებას ადრე მოხალისეთა 40-კაციანი სახანძრო რაზმი ემსახურებოდა, მათ საკუთარი ორსართულიანი შენობა ჰქონდათ ეკლესიის ქუჩაზე (მერაბ კოსტავას ქ. N7), რომელსაც დღემდე სახანძრო უსაფრთხოების ფუნქცია აქვს შენარჩუნებული.
ბოლნისის გერმანულ უბანში ეკლესიის, სკოლის, წისქვილისა და სახანძრო შენობის გარდა, დღემდე შემოგვრჩა სხვადასხვა პერიოდის საუკეთესო გერმანული საცხოვრებელი სახლები, რომლებსაც ქართული არქიტექტურის ძლიერი გავლენა ეტყობა. ეს არის შვაბურ-ქართული არქიტექტურის სინთეზი, სადაც ჰარმონიულად თანაარსებობს ტრადიციული ქართული ხის აივნები და გერმანული სახლებისათვის დამახასიათებელი ფახვერკული კონსტრუქციები, მაღალსხვენიანი სახურავი და ღრმა სარდაფები.
ასეთი შენობები „გერმანულ უბანში“ ბევრია, თუმცა მათ შორის საუკეთესოა: ვალკერების სახლი (ფარნავაზ მეფის ქ. N15), შმიდების სახლი (ფარნავაზ მეფის ქ. N27), ალმენდინგერების სახლი (ფარნავაზ მეფის ქ. N30), მეღვინე გოთლიბ და იმანუელ ვეგნერების სახლი (ფარნავაზ მეფის ქ. N36), მეღვინე ფრიც ზაკმანის სახლი (ფარნავაზ მეფის ქ. N38-40), მეღვინე ედუარდ ალმენდინგერის სახლი (ფარნავაზ მეფის ქ. N42), ვაჭარ გეორგ ვალკერის სახლი (ფარნავაზ მეფის ქ. N44 და N46), მეღვინე ფრანც ბროინინგერის სახლი (ფარნავაზ მეფის ქ. N47), დურგალ იოჰანეს კრემერის სახლი (ფარნავაზ მეფის ქ. N50), მწერლისა და პედაგოგის იმანუელ ვალკერის (წისქვილის ქ. N8) სახლი.
კატარინენფელდის ეკონომიკური აღმავლობა უმთავრესად ღვინის წარმოებით იყო განპირობებული. ვაზის გაშენება გერმანელებმა 1820 წელს დაიწყეს ადგილობრივებისგან მიცემული ნერგებით. დასახლებაში არსებობდა მეღვინეობის კერძო კომპანიები, აგრეთვე, მევენახეობის საზოგადოებრივი მეურნეობა. გერმანელები ქართველებისგან იზიარებდნენ ვაზის ჯიშებსაც და მეღვინეობის გამოცდილებას, მაგრამ ქართული ქვევრი არ მიიღეს, ღვინის შესანახად და ტრანსპორტირებისთვის ისინი მხოლოდ თავიანთ ტრადიციულ ხის კასრებს იყენებდნენ.
ბოლნისის „გერმანული უბნის“ საცხოვრებელი სახლების სარდაფებს ისევ მარნების ფუნქცია აქვს, სადაც დღემდე ინახება სხვადასხვა ზომის კასრებიცა და მეღვინეობისთვის საჭირო ინვენტარიც;
აგრეთვე, ბევრ ოჯახს ჯერ კიდევ შემორჩა გერმანული ავეჯი, წიგნები, მუსიკალური ინსტრუმენტები, სამეურნეო და ყოფითი ნივთები, რასაც ყოველთვის გულისხმიერად ათვალიერებინებენ მათთან მისულ სტუმრებს.