გიორგი მაისურაძე წინანდალში, თელავში დაიბადა. ის იყო პირველი ქართველი და პირველი კავკასიელი, ვინც პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა (1844 წ.). მისი ნამუშევრები - რაფიელ ერისთავის, ალექსანდრე, ნინო და ეკატერინე ჭავჭავაძეების, დავით დადიანის პორტრეტები – დაცულია საქართველოს სახელმწიფო ხელოვნებისა და ზუგდიდის მუზეუმებში. მის მიერ დაწერილი ხატებიდან კი ჩვენამდე მხოლოდ სამმა მოაღწია - სახე უფლისა, იოანე მახარობელი, ლომისის წმინდა გიორგი.
შენობა, რომელშიც მუზეუმია გახსნილი, თავად ლევან ჯანდიერის სახლი იყო. ჯანდიერი XIX საუკუნის 60-იან წლებში აქტიურ მთარგმნელობით და ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა და ილია ჭავჭავაძის უახლოესი მეგობარი იყო.
ამ საინტერესო მუზეუმში 4792 ექსპონატია დაცული, მათ შორის: XIX საუკუნის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“, ერეკლე II-ის „წყალობის სიგელი“, კახეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა – საბრძოლო და შრომის იარაღებიდან ქალის სამკაულებამდე.