KA

დიდგორი

დიდგორს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოს ისტორიასა და კულტურაში. ამ ადგილას 900 წლის წინ, 1121 წლის 12 აგვისტოს ქართველთა ლაშქარმა დავით აღმაშენებლის მეთაურობით უდიდესი გამარჯვება მოიპოვა თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი ჯარის წინააღმდეგ.
რეგიონი
ქვემო ქართლი
ქალაქი
თეთრიწყარო

დიდგორის ბრძოლამ, რომელსაც ისტორიკოსებმა "ძლევაი საკვირველი" უწოდეს, არა მხოლოდ საქართველოს ისტორიაში, არამედ მთელი კავკასიის რეგიონის ისტორიაშიც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა - საფუძველი ჩაუყარა საქართველოს გაერთიანებას და აღორძინებას, დაიწყო ქვეყნის ოქროს ხანა.

გასაკვირი არაა, რომ დღესდღეობით დიდგორის ველი ქართველებისთვის განსაკუთრებულ ადგილად ითვლება. ამას მოწმობს ისიც, რომ აქ განთავსებულია უზარმაზარი მემორიალური კომპლექსი, რომელიც რამდენიმე მონუმენტურ ძეგლს აერთიანებს. როგორც ისტორია, ისე მონუმენტი და ბუნებრივი გარემო მრავალ ვიზიტორს იზიდავს - ამჟამად დიდგორი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სალაშქრო მიმართულებაა საქართველოში.

სად მდებარეობს დიდგორი?

დიდგორი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს - თბილისის ცენტრს მას დაახლოებით 40 კმ აშორებს. ტერიტორიის რელიეფი დიდწილად მთაგორიანია, თუმცა ლანდშაფტს ცვალებადობა ახასიათებს და მოიცავს როგორც მთიან, ისე საკმაოდ ფართო დაბლობებისა და კანიონების უბნებს.

დიდგორი ისტორიულად სტრატეგიულად ხელსაყრელ ადგილას მდებარეობს - შუა საუკუნეებში იგი სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვან გზასაყარს აკონტროლებდა. ადგილის რთული რელიეფი ქართველ მეომრებს საშუალებას აძლევდა ეფექტურად გამოეყენებინათ მისი თავისებურება - ბრძოლებისა თუ თავდაცვის დროს აქ გზის გაკვალვა რთული იყო, თუ ადამიანი ტერიტორიას არ იცნობდა.

ბუნებრივი გარემო საკმაოდ მრავალფეროვანია. აქ მაღალმთიან ლანდშაფტს, მდინარეების - ქსნისა და მტკვრის - ხეობები ცვლის. ტერიტორიაზე დომინირებს ველისა და მთის მცენარეულობა. ხშირია მუხნარები და ფიჭვნარები, რომლებსაც პერიოდულად სუბალპური მდელოები ცვლის. ტყეებში მრავლადაა მურა დათვი, მგელი, შველი, ფოცხვერი, და სხვადასხვა სახეობის ფრინველი.

დიდგორის მემორიალური კომპლექსი

დიდგორის ველზე განთავსებულია ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მემორიალური კომპლექსი მთელს საქართველოში. არქიტექტურა რთული და მრავალფეროვანია, მაგრამ ისე გადაწყვეტილი რომ ბუნებრივად ჩაჯდეს გარემოში და არ შექმნას გაუცხოების ეფექტი. 

კომპლექსი დიდგორის მთავარ ბორცვზე დგას. მისი ცენტრალური ნაწილია მაღალი ქვის მონუმენტი, რომელზეც ბორჯღალია გამოსახული. ბორჯღალი მზის სვეტის სიმბოლოა და ქართული ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი უმთავრეს სიმბოლოდ ითვლება. მონუმენტის ირგვლივ განთავსებულია დიდი ზომის ხმლები, ზარები და სვეტები, რომლებიც ისტორიული ბრძოლის მასშტაბურობას უსვამენ ხაზს.

მემორიალის ნაწილია ასევე მასიური მებრძოლთა ფიგურები. მათგან ყველაზე ცნობილი პირთან საყვირი უჭირავს. ეს ქანდაკება კომპლექსის კიდეში, კლდის თავზე დგას და ხეობას გადაჰყურებს - იქმნება ეფექტი თითქოს მეომარი ბრძოლის ნიშანს აძლევს თანამებრძოლთ.

დიდგორის მონუმენტიდან საოცარი ხედები იშლება მთელ მიმდებარე ტერიტორიაზე - ქვემო ქართლის ველზე, მდინარეების ხეობებსა და მთებზე. 

დიდგორის ბრძოლის ისტორიული მნიშვნელობა

დიდგორის ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებად ითვლება საქართველოს ათასწლოვან ისტორიაში.

1121 წლის 12 აგვისტოს საქართველოს მეფე დავით აღმაშენებელი დიდი ამალით გაემართა დიდგორის ველისაკენ, სადაც მას თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი ლაშქარი ელოდა ილღაზის სარდლობით (ზუსტი რიცხვი უცნობია, სხვადასხვა წყაროების მიხედვით ეს რიცხვი 70 ათასიდან 600 ათასამდე ვარირებს, თუმცა თანამედროვე ისტორიკოსები თვლიან რომ ადგილის გეოგრაფიის გათვალისწინებით 70 ათასი უფრო ახლოა ჭეშმარიტებასთან). ქართველთა ლაშქარი ასევე მრავალრიცხოვანი იყო - ითვლება, რომ დაახლოებით 40-56 ათასი მეომრისგან შედგებოდა, თუმცა არსებობს თეორიაც რომ ეს რიცხვი 20 ათასთან უფრო ახლოს იყო. საბოლოო ჯამში, სხვადასხვა წყაროების ცნობები იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან რომ ჭეშმარიტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია..

ბრძოლისას დავით აღმაშენებლის სამხედრო სტრატეგია გადამწყვეტი აღმოჩნდა. მან სელჩუკთა ლაშქარი ისეთ პოზიციაზე გაიტყუა, სადაც მათ რაოდენობრივი უპირატესობა დიდად ვერ გამოადგებოდათ. მთაგორიანი ადგილი ქართველთათვის ხელსაყრელი იყო. ქართველთა ლაშქარი სამ ნაწილად გაიყო და ერთი ჯგუფი მტერს ზურგიდან დაესხა თავს. სელჩუკთა ლაშქარში პანიკა ატყდა. სამსაათიანი სასტიკი ბრძოლის შემდეგ ქართველებმა სრული გამარჯვება მოიპოვეს. მტრის უზარმაზარი ლაშქარი თითქმის სრულად განადგურდა, მთავარსარდლები კი ტყვედ ჩავარდნენ.

დიდგორის ბრძოლის შედეგად საქართველოს სახელმწიფო საბოლოოდ გათავისუფლდა თურქ-სელჩუკთა ბატონობისგან, განმტკიცდა სამეფო ხელისუფლება. ეს გამარჯვება ისტორიულად მნიშვნელოვანი იყო რეგიონის მასშტაბით, რადგან მან საგრძნობლად შეასუსტა თურქ-სელჩუკთა პოზიციები კავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთში. დიდგორთან მოპოვებულმა გამარჯვებამ მტკიცედ დაამკვიდრა საქართველოს სახელმწიფოს საერთაშორისო ავტორიტეტი.

დიდგორის ახლომდებარე სანახაობები

დიდგორის ველის მახლობლად მრავალი საინტერესო და მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლის მონახულება შეიძლება. ყოველი მათგანი განსაკუთრებულია თავისი არქიტექტურით, ისტორიითა და გარემოთი. 

ბეთანიის მონასტერი -  XII-XIII საუკუნეებში აგებული სამონასტრო კომპლექსი. მთავარი ნაგებობებია XII საუკუნის მცირე ბაზილიკა და XII-XIII საუკუნეთა მიჯნაზე აგებული ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი. ტაძარში შემორჩენილია უნიკალური ფრესკები, მათ შორის - თამარ მეფის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული და ცნობილი გამოსახულება. თამართან ერთად გამოსახულია მისი მამა, მეფე გიორგი III და თამარის ვაჟი მეფე ლაშა გიორგი. ბეთანიის მონასტრის უდიდესი სიწმინდე წმ. ნინოს ჯვარია. მონასტერი ქართველ თავადთა - ორბელიანთა საგვარეულო სალოცავი იყო. დიდგორიდან ბეთანიამდე მანქანით მისვლას 35-40 წუთი სჭირდება.

ალგეთის ეროვნული პარკი - ეროვნული პარკი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, მოიცავს მდინარე ალგეთის ხეობისა და თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილის ტერიტორიებს. ალგეთის ეროვნული პარკი გამოირჩევა მდიდარი ფლორითა და ფაუნით. პარკის ტერიტორიაზე არაერთი ისტორიული ძეგლი და შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეა შემორჩენილი, მათ შორის: კლდეკარის, ბირთვისის, სამშვილდის ციხეები, მცირე ეკლესია-მონასტრები. პარკის ტერიტორიაზე მოწყობილია 5 ეკო-ტურისტული ბილიკია. დიდგორის მონუმენტიდან ალგეთის ეროვნულ პარკამდე მანქანით მისასვლელად დაახლოებით 1 საათია საჭირო

ქსნის ციხე -  გადმოცემის თანახმად ქნის ციხე ბაგრატ მუხრანბატონის მიერ აშენდა, რომელმაც სწორედ აქ გამოამწყვდია და მოაკვლევინა კახეთის მეფე ალექსანდრე I. ნაგებობა XVI საუკუნით თარიღდება. ქსნის ციხე სარკინეთის მთაზე დგას და აკონტროლებდა მნიშვნელოვან სტრატეგიულ გზასაყარს. ციხის ეზოში აღმოჩენილია ჩაფლული ქვევრები, რაც იმაზე მიუთითებს რომ ციხე მარანსაც ითავსებდა. ციხეში სათოფურებთან, საზარბაზნეებთან ერთად შემორჩენილია ქვის დეკორაციული ნამუშევრები. დიდგორიდან ქსნის ციხემდე მანქანით 1.5 საათამდეა საჭირო.

ქვათახევის მონასტერი - შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ქვათახევის მონასტერი XII-XIII საუკუნეების ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძრის გარშემო აშენებული კომპლექსია. ტერიტორიაზე შემორჩენილია ისტორიული გალავანი, სხვადასხვა პერიოდის კოშკები, სამრეკლო და სენაკები. მთავარი ტაძარი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო მაგალითია. გარედან ტაძარი მორთულია მდიდრული ქვის ჩუქურთმებით, თუმცა სამწუხაროდ შიგნით არ არის შემორჩენილი მოხატულობა. გადმოცემის თანახმად ეკლესიის საძირკველში ჩატანებულია ღვთისმშობლის სამოსის პატარა ნაწილი. დიდგორიდან ქვათახევამდე მანქანას დაახლოებით 1.5 საათი სჭირდება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა