ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ეგრისის ქედზე, მყინვარული წარმოშობის პატარა ტბა - დიდღალიშ ტობა (დიდი ღელეს ტბა) მდებარეობს, რომელიც კლდოვანი მთების შუაგულში ბეჭდის თვალივით არის ჩასმული. ირგვლივ ალპური მდელოებია ჭრელ-ჭრელი ალპური ყვავილებით, გზად კი - ბზის საუკუნოვანი ტყე, არყნარი და ხელუხლებელი ველური სივრცეები.
დიდღალიშ ტობა ზღვის დონიდან 2700 მ სიმაღლეზეა. აქ შეიძლება ცაში მოლივლივე არწივს, ორბს ან სხვა მტაცებელ ფრინველსაც მოჰკრა თვალი, კლდის ნაპრალებიდან კი ოსტატურად დამალული კავკასიური შურთხის (Tetraogallus caucasicus) საოცარი ხმა გაიგონო. გამაოგნებლად ლამაზია ეგრისის ქედის ბუნება, რომელსაც ტობავარჩხილის ტბით იცნობენ. სწორედ ტობავარჩხილის მეზობლად მდებარეობს დიდღალიშ ტობა და სხვადასხვა სიდიდისა და ფერის ალპური ტბები: კალიაშის ტობა, წაქარწყლის ტობა, ლაკუმურაშ ტობა, ოკარეს ტობა, ოხოჯეს ტობა (ცაშიკიბულის ტობა, პატარა ტბა).