KA
2024-10-28T08:54:32.000000Z
ექსკლუზიურად ქართული

ექსკლუზიურად ქართული

ისევე, როგორც მსოფლიოში ყველა სახელმწიფოსა და დიდსა თუ მცირე ეთნიკურ ჯგუფს, საქართველოსაც თავისი საიდენტიფიკაციო მახასიათებლები აქვს. ნებისმიერ ტურისტს, როცა ამა თუ იმ ქვეყანას ესტუმრება, სჭირდება იცოდეს, რა წესები აქვთ იქ, სადაც მიდის, რით გამოირჩევა ეს ადგილი, რა უნდა იცოდეს, რომ სიახლის სიამოვნება სრულად შეიგრძნოს. ქართველებს ერთი კარგი ანდაზა გვაქვს - სადაც წახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო, ანუ მათი წესი და რიგი უნდა გაიზიაროო. რომ გაიზიარო, უნდა იცოდე, ამიტომ ეცადე, შენც დაიხურო ქართული ქუდი, რომ კარგად გაიგო, სად გაატარებ ნანატრ შვებულებას. ეს ყველაფერი კი საქართველოს უკეთ გაცნობაში აუცილებლად დაგეხმარება.
სარჩევი

ქართული ენა და დამწერლობა

ქართული დამწერლობა

თუ რამეზე ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მსოფლიოში არაფერია, ეს ქართული ენაა ქართული დამწერლობით. ქართული ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში ქართველურ ენათა ჯგუფში შედის. ენათა სხვა ჯგუფებს ქართული ენის ჯგუფი არ ჰგავს. 

ქართული უნიკალურია იმითაც, რომ სამი სახის დამწერლობა აქვს. უძველესი დამწერლობა ასომთავრულია. მისი ნიმუშები ადრეულ ისტორიულ ძეგლებზე გვხვდება. მოხაზულობის გამო მას „მრგლოვანსაც“ უწოდებენ. პირველი ქართული წიგნი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, მეხუთე საუკუნისაა - „დედოფალი შუშანიკის წამება“. IX საუკუნიდან ფეხი მოიკიდა ნუსხურმა დამწერლობამ. ბოლო ათი საუკუნე კი ქართველები მხედრულ დამწერლობას ვიყენებთ. ამ დამწერლობის პირველი ნიმუში 982-986 წლებით დათარიღებული ატენის სიონის ერთ-ერთი წარწერაა. 

ქართული ენის ანბანში ოცდაცამეტი ასოა და ზუსტად ამდენივე ბგერა ისმის ქართულ მეტყველებაშიც. აქ ყველა ასო-ბგერა ისე წარმოითქმის, როგორც იწერება. ქართულ ენაზე ხუთ მილიონამდე ადამიანი საუბრობს. თუ ყურს მიუგდებ ქართულ მეტყველებას, არ გაგიჭირდება იმ ჰარმონიის შემჩნევა, რაც დედამიწაზე არსებულ ყველა ენაშია. თუ რატომ, ეს იოლად ასახსნელია - ადამიანებს რაც გვიყვარს და რასაც ვუფრთხილდებით, ის ყოველთვის  ლამაზია.  

ვაზი და ღვინო

საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც მსოფლიოს ღვინო მისცა. საქართველო ღვინის სამშობლოა. პირველად ღვინო სწორედ აქ დააყენეს. როგორც არქეოლოგიური გათხრებით დადასტურდა, ეს 8000 წლის წინათ მოხდა. მსოფლიოში ღვინის დამზადების ორი ტექნოლოგია არსებობს და აქედან ერთი - ღვინის ქვევრში დაყენების ტექნოლოგია, ქართულია. გეტყვი იმასაც, რომ მსოფლიოში ცნობილი ვაზის რამდენიმე ათასი ჯიშიდან 252 ქართული ენდემური ჯიშია. 

ისტორიულად, საქართველოში ჩამოსული ყველა მოგზაური თავის წიგნში აღნიშნავდა ქართული ღვინით მოგვრილ შთაბეჭდილებას. იმას, რომ ქართული ვაზი უძველესია მსოფლიოში, დილეტანტები მარტივი მაგალითით ადასტურებენ: სიტყვა „ღვინო“ გადასულია სხვა ქვეყნებში - ვან, ვაინ, ვინო, ვინიო, ვიინო, ვინია, ვეინი... ქართულ მითოლოგიაშიც ასეა: ღმერთმა ჯერ ვაზი გააჩინა და მერე - ადამიანი. 

მძიმე, თუმცა საინტერესო ფაქტია, რაც ისტორიამ შემოგვინახა - საქართველოს შემოსეული მტრის ბრძოლის ერთ-ერთი ტაქტიკა ვაზის აჩეხა იყო. ჩვენს ქვეყანაში ამას განსაკუთრებული სიმწვავით განიცდიდნენ. ღვინო აქ ღვთიური სითხეა, მისით ლოცავენ და მისით აზიარებენ.

ხორბალი და ყველი

მეცნიერულად არის დადასტურებული, რომ საქართველო ხორბლის უძველესი ქვეყანაცაა. არქეოლოგიური და ანთროპოლოგიური წყაროები გვეუბნება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ხორბლის მოშენება 5000 ათასი წლის წინათ დაიწყეს. აქ ნაპოვნია იარაღები, რომლებითაც ხორბალი მოჰყავდათ და ამუშავებდნენ. 

ხორბლის ბოტანიკურ გვარში 27 კულტურული სახეობაა. აქედან 14 სახეობა დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. თუმცა ეს ყველაფერი არ არის - ამ გვარში 5 ენდემური, ქართული სახეობაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხორბლის სახეობებიდან, რომლებიც დღეს მსოფლიოშია გავრცელებული, 70%-ზე მეტი ქართულ გენს შეიცავს. 

სად არის ყველის სამშობლო, ჯერ არ დადგენილა, თუმცა სავარაუდო ტერიტორიად ევროპა, ცენტრალური აზია ან შუა აღმოსავლეთი მოიაზრება. ყველის დამზადება ევროპაში რომის იმპერიის გაძლიერებას უკავშირდება. 

ყველის უძველესი არქეოლოგიური მტკიცებულება, რომელიც ძვ.წ. 5500 წლით თარიღდება, პოლონეთშია აღმოჩენილი. თუმცა საქართველოში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა დღის სინათლეზე გამოიტანა ყველის შესანახი ჭურჭელი, რომელიც 8000 წლის წინანდელია. ეს მეცნიერებს აძლევს იმ ვარაუდის საფუძველს, რომ საქართველო არა მარტო ღვინისა და ხორბლის ჯიშების, ყველის სამშობლოცაა. 

საქართველოში ყველის 60-ამდე სახეობაა - ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული და უნიკალური. მათი გასინჯვა, რა თქმა უნდა, ღირს. 

რკინა, ოქრო, ძაფი

საქართველოს ტერიტორია რკინის წარმოების უძველეს კერად არის მიჩნეული. ბიბლიაში ამოიკითხავ, რომ აქ მობინადრე ტომები ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან მისდევდნენ რკინის წარმოებას. იმავეს გეტყვის ძვ. ბერძნული და სხვა ისტორიული წყაროები. არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რკინის წარმოება სათავეს ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევრის დასაწყისიდან იღებს. აქ აღმოჩენილია ქურები, რომლითაც რკინა მიიღებოდა, რაც საქართველოში რკინის უძველეს წარმოებას ადასტურებს. 

მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველო ოქროს დამმუშავებელი უძველესი ქვეყანაა. ამის დასტურად მათ მოჰყავთ ძვ.წ. 33-ე საუკუნეში არსებული ოქროს მომპოვებელი მაღარო, რომელიც აქ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, დაბა კაზრეთთან იქნა აღმოჩენილი. პირველი სამუშაოები საყდრის-ყაჩაღიანის ბორცვზე XX საუკუნის 80-იან წლებში ჩატარდა. XXI საუკუნის დასაწყისიდან არქეოლოგიური კვლევები განახლდა და მათში გერმანელი მეცნიერები ჩაერთნენ. სამწუხაროდ, მოგვიანებით მაღარო განადგურდა, თუმცა ქართულ-გერმანულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ დაამტკიცა, რომ ეს იყო პრეისტორიული ოქროს მაღარო, რომელიც ძვ.წ. 3350 წლიდან ძვ.წ. 2500 წლებში ფუნქციონირებდა.  

მანამ, სანამ საქართველოში, ძუძუანას მღვიმეში, მსოფლიო დონის აღმოჩენა გაკეთდებოდა, უძველეს ძაფად ჩეხეთში, დოლნი-ვესტონიცეში აღმოჩენილი ჭინჭრის ძაფი იყო მიჩნეული. თუმცა ჭიათურის მუნიციპალიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა ყველაფერი შეცვალა. ზემო იმერეთში მდებარე ძუძუანას კარსტულ მღვიმეში 34 ათასი წლის წინანდელი სელის ძაფია ნაპოვნი. მეტიც, ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები სელს კარგად ამუშავებდნენ, მერე რთავდნენ და ბუნებრივი საღებავებითაც კი ღებავდნენ.

ქართული ფუტკარი

სკა

ქართული თაფლის დადებითი თვისებების შესახებ შვიდი ათასი წლის წინათაც იცოდნენ. ამას ადასტურებს არქეოლოგიური მასალა. ისტორიული წყაროების მიხედვით კი, კოლხეთში, საქართველოს დასავლეთ ნაწილში, ჯერ კიდევ მეოთხე ათასწლეულში მეფუტკრეობა განვითარებული კულტურა იყო.

ქართული თაფლი თავისი გემოთი თუ სამკურნალო თვისებებით თანამედროვე მსოფლიო  ბაზარზე საუკეთესო პროდუქტადაა აღიარებული. 

დღემდე საქართველოში მეფუტკრეობის სამი სახე არსებობს: ველური მეფუტკრეობა - როცა მონადირეები ტყეში სპეციალურად გადიან თაფლისა და ცვილის მოსაგროვებლად; ნახევრად ველური მეფუტკრეობა - როცა ტყიდან ფუტკრის ძლიერი ოჯახები მოჰყავთ სახლში და მერე სპეციალური ხის მორითა და თიხის ჭურჭლებით ტყესა და კლდეში განსაზღვრულ ადგილზე ათავსებენ; შინამეფუტკრეობა - როცა სპეციალურ სახლში, სკაში ხდება ფუტკრის სასიცოცხლო და მოსავლიანობის კონტროლი.

კავკასიური რუხი ფუტკარი (Apis mellifera caucasica) მსოფლიოში ყველაზე გრძელხორთუმა, შესაბამისად, ყველზე პროდუქტიული ფუტკარია. მისი უნიკალურობა 1961 წელს გერმანიაში გამართულ მებაღეობის საერთაშორისო გამოფენაზე დადასტურდა. ქართული ფუტკრების ორმა ოჯახმა 97,3 კგ თაფლი შეაგროვა და ოქროს მედალი მოიპოვა. ეს რეკორდი ქართულმა ფუტკარმა 1965 და 1971 წლების გამოფენებზეც გაიმეორა. 

ეს წარმატება ფუტკრის ხორთუმის დამსახურებაა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, 7,23 მმ სიგრძისაა. ეს რუხ ფუტკარს ყვავილიდან ნექტრის ამოღებასაც უადვილებს და მცენარეების დიდი რაოდენობის დამტვერვის შესაძლებლობასაც აძლევს. გარდა ამისა, ქართული რუხი ფუტკრის პლუსებშია: ზომიერი ნაყრიანობა, დაბალი ტემპერატურისადმი გამძლეობა და თვინიერება. როგორც ამბობენ, მისი თაფლიც განსხვავებულად გემრიელია. 

ქართული ცხვარი

ცხვრის ფარა

ქართული ცხვარი ძველი ქართული, არგონავტების დროინდელი წმინდა მატყლიანი ცხვრის შთამომავალია. ის გავრცელებულია როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ქართული ცხვარი ცნობილია თავისი ხორცით, რძითა და მატყლით. 

ცხვარი ქართულ კულტურაში დატვირთულია როგორც მატერიალური, ისე ფოლკლორული და  საკრალური მნიშვნელობით. აუცილებლად შეიძინე ქართული შალისგან დამზადებული ხალხური ქუდები, წინდები, თივთიკის შარფები და გასინჯე ცხვრის ხორცის ჩაქაფული - აღმოსავლეთ საქართველოს უნიკალური კერძი, ტყემლითა და თეთრი ღვინით შეზავებული. 

საქართველოში ცხვრის დიდი წილი თუშურ ცხვარზე მოდის. თუშური ცხვარი უძველესი ქართული ჯიშია. ის XIII-XIV საუკუნეებში ხალხური სელექციის გზით ჩამოყალიბდა. თუშური ცხვარი უხეშმატყლიანია და ხორცის საუკეთესო გემოთი გამორჩეული.

ქართული ნაგაზი

ქართული ნაგაზი

ორი ათასი წლის წინათ ჩამოყალიბდა ქართული ნაგაზის ჯიში, რომელიც მეჯოგეების ერთგული დამცველი და მეგზურია. წარსულში ქართულ ნაგაზს ბრძოლის დროსაც იყენებდნენ. დღეს მისი დანიშნულება დაცვაა. იცავს ცხვრის ფარას, ადამიანის საკუთრებას, შეუძლია გარეული ცხოველების მოგერიება. 

არსებობს ქართული ნაგაზის ორი ძირითადი ტიპი - მოკლებეწვიანი, მესხურ-ჯავახური და გრძელბეწვიანი, თუშური. ზოგადი დახასიათებით, ის საშუალო სიმაღლის, უხეში აღნაგობის, მსხვილი, ძალიან ღონიერი და ამტანია. ხვადი 105-110 სმ სიგრძეს აღწევს, ძუ - 102-105 სმ-ს, სიმაღლით, შესაბამისად, 65 და 60 სმ არიან. რაც შეეხება ფერებს, შეგხვდება ნაცრისფერიც, მურაც, შავიც, თეთრიც, ჭრელიც და ჩალისფერიც.

ქართული ნაგაზი კეთილშობილი, გულადი ძაღლია. არ ეპუება უსამართლოდ დასჯას, მაგრამ შეუძლია ადვილად აპატიოს და წყენას არ იმახსოვრებს - არასდროს დაჩაგრავს სუსტ თანამოძმეს. ქართული ნაგაზი ერთგული კომპანიონი და მოდარაჯე ჯიშია.  

ქართული აბრეშუმი 

საქართველოში  აბრეშუმის ჭია სამი ათასი წლის წინათ ჩინეთიდან გავრცელდა და იმ დროიდან მეაბრეშუმეობა საქართველოს ისტორიისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია. საქართველოში ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მეთოთხმეტე საუკუნიდან იცოდნენ აბრეშუმის ძაფის დამზადების საიდუმლო.

„აბრეშუმის გზის“ არეალში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა, - ამაზე წერდნენ ჩინელი მოგზაურები. აბრეშუმის ჭიის ჯიშებს გეოგრაფიული წარმოშობის მიხედვით, ხუთ მთავარ ჯგუფად ყოფენ: დასავლეთი აზიის, ევროპული, იაპონური, ჩინური და კავკასიური.

ქართული აბრეშუმი, საქართველოს ტერიტორიაზე მოყვანილი, განსაკუთრებული თვისებებით ხასიათდება. თუთის აბრეშუმხვევიას ქართული ჯიშების პარკიდან ცივად ამოხვეული ძაფით დამზადებულმა ქსოვილმა ევროპის ხარისხის ჯილდო - პლატინის ვარსკვლავი მიიღო.

ქართულ აბრეშუმს არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

შეჯამება

როცა საქართველოში მასპინძელი სტუმარს ღვინით უმასპინძლდება, უსურვებს ტკბილ ძმობას, დღეგრძელობას, სიხარულს, გამარჯვებას, ხოლო სამყაროს - მშვიდობას. 

გამარჯვება და დღეგრძელობა კიდევ ერთი ქართული უნიკუმის, მრავალხმიანი სიმღერის მთავარი ხაზია. ოქროს ფირფიტაზე ჩაწერილი ქართული პოლიფონიური სიმღერა „ჩაკრულო“ უკვე ორმოცი წელია კოსმოსში მოგზაურობს.

დაბოლოს - გისურვებ მშვიდობას და მრავალჟამიერ დღეგრძელობას, როგორც ეს უნიკალურ ქართულ სიმღერაშია.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა