KA

ველოტური: შუახევი-ხიხაძირი-ჩირუხი-შუახევი

აჭარა საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთში, აჭარისწყლის ხეობაში მდებარეობს და ეს რეგიონი თვალწარმტაცი ბუნებით, მზიანი ზღვის სანაპიროებითა და სიმწვანით ნებისმიერ ადამიანს ხიბლავს; ხოლო ველოსპორტის მოყვარულებს განსაკუთრებულ თავგადასავალს ჰპირდება.
რეგიონი
აჭარა
ქალაქი
შუახევი

დღე პირველი 

ბათუმიდან შუახევამდე მიმავალ გზას მანქანით გაივლი. მუნიციპალიტეტი მდინარეების - აჭარისწყლისა და ჩირუხისწყლის შესართავთან, ზღვის დონიდან 420 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. აქ ბუნება განსაკუთრებით თვალწარმტაცი და მრავალფეროვანია. 

შუახევიდან ველოსიპედით გეზს ხიხაძირისკენ აიღებ. გზა ასფალტიანია და მარტივი, ამიტომ მისი დაფარვა 4-5 საათშია შესაძლებელი. ხიხაძირი ხულოს მუნიციპალიტეტში, მდინარე სხალთის ნაპირზე, ზღვის დონიდან 1240 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. 

აქ XIII საუკუნის ეკლესიას - თიკინაურს ნახავ, რომელიც მცირე ზომის დარბაზული ნაგებობაა. ტაძრის ეზოში აღმოჩენილია ქრისტიანული სამარხები. აქვე იხილავ ორ ციხესაც - ციხისყელსა და ვარდციხეს. 

დღე მეორე

ხიხაძირიდან ჩირუხისაკენ მიმავალ გრუნტის გზას ველოსიპედით 4 საათში დაფარავ. ეს გზა წელიწადის ყველა დროს ლამაზი და მისტიკურია, გაზაფხულსა და ზაფხულში - განსაკუთრებულად მწვანე, შემოდგომაზე კი - ოქროსფრად მოელვარე.

აღსანიშნავია, რომ ჩირუხში მოსახლეობა ადრე გაზაფხულზე ადის და უკან გვიან შემოდგომაზე ბრუნდება. ალპურ ზონაში კი ხის პაწაწინა, გეომეტრიული სახლები და ულამაზესი ხედები დაგხვდება.

დღე მესამე

ველოტური ჩირუხიდან გრძელდება და ერთგვარი წრიული მარშრუტით დაახლოებით 4 საათში შუახევში დაბრუნებასაც შეძლებ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა