შუახევის სამხრეთით შავშეთის ქედია, ჩრდილოეთით - აჭარა-გურიის მთები. აქ მოგზაურობისას აუცილებლად უნდა მოინახულო ხშირი ტყითა და ჭაობისთვის დამახასიათებელი მცენარეებით გარშემორტყმული შავი ტბა, სადაც მრავლად ნახავ საპიკნიკე ადგილს.
შუახევი გამორჩეულია ფლორითა და ფაუნით. აქაურ ტყეებში ბინადრობს: შველი, არჩვი, გარეული ღორი, ზღარბი, კურდღელი, მელა, დათვი. მრავალფეროვანია ფრინველთა სამყაროც - აქ ნახავ: კოდალას, ოფოფს, კაკაბს, როჭოს, შაშვს, გუგულს, ტყის ქათამს. მდინარეებში ბევრია თევზი - კალმახი, წვერა, ღორჯო და სხვა.
შუახევი მდიდარია მინერალური წყლებითაც - ცნობილია შუახევის, შამბალეთის, ლამაზმარეს, ბათალვაკის, გუნდის, ბოგილის, ტყემალთის, უჩამბისა და სხვა წყლები.
მუნიციპალიტეტის პატარა სოფელ ტომაშეთის მიდამოებში ასევე გამოირჩევა გოგირდწყალბადიანი თერმული წყლები, რომელთა ტემპერატურა 30°C-ს აღწევს.