სახლ-მუზეუმში ორი დარბაზია - მემორიალური და საგამოფენო. მემორიალურ ნაწილში ოჯახის რელიკვიები ინახება: მწერლის აკვანი, სამუშაო იარაღები, რითაც პატარა პოეტი ხისგან სხვადასხვა ნივთს აკეთებდა; აქვეა ყანწი, რომელიც აუცილებლად თვალში მოგხვდება და რომლითაც მწერლის პირველი სადღეგრძელო შეუსვამთ.
მუზეუმში მწერლის დედის ნაქარგების ხილვასაც შეძლებ; შემონახულია პოეტის მამის სამუშაო კაბინეტი, მაგიდა და საკანცელარიო ნივთები, სანადირო თოფი. მაიაკოვსკის მეტყევე მამას ბაღდათის ტყის ხეების ნიმუშების უნიკალური კოლექცია ჰქონია, ლათინური წარწერებით, რომელიც დღეს მუზეუმშია წარმოდგენილი.
სახლ-მუზეუმის პირველ სართულზე გამოფენილია ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრებისას აღმოჩენილი ნუმიზმატიკური, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, ძალიან საინტერესო ექსპონატები, რომელთა ნახვაც ნამდვილად ღირს.
მუზეუმი ქალაქ ბაღდათში, ბაღდათის ქუჩის 51 ნომერში მდებარეობს.