ბაღდათი ბაღდადში არ უნდა აგერიოს - ბაღდათი საქართველოშია, რეგიონ იმერეთში, ქუთაისიდან 20 კმ-ში. კოხტა მწვანე ქალაქი მდინარე ხანისწყალის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 232 მეტრზეა გაშენებული.
არქეოლოგიური გათხრების მიხედვით, შუა ფეოდალურ ხანაში ბაღდათის ტერიტორიაზე დასახლება უკვე არსებობდა, თუმცა ისტორიულ წყაროებში ის პირველად XVII საუკუნის დასაწყისში მოიხსენიება. XVIII საუკუნეში ბაღდათი ოსმალებმა დაიკავეს და ციხე ააგეს, რომელსაც ძირითადად ტყვეთა ყიდვა-გაყიდვისთვის იყენებდნენ. სახელი „ბაღდათიც“, რაც ღვთისგან ნაბოძებს ნიშნავს, ციხისთვის მათ დაურქმევიათ.
ქალაქის სახელთან დაკავშირებით არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომელიც ბაღდათელებს უფრო მოსწონთ - „ბაღდათი“ ბაღის ადგილს ნიშნავს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტი 24 სოფლისგან შედგება. შესაბამისად, სანახავი ბევრია. აქ 12 მოქმედი ტაძარია, რომელიც ვანისა და ბაღდათის ეპარქიას ექვემდებარება.
ქალაქში დგას ნაკაშიძეების ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც ძველებური საბრძოლო იარაღის უნიკალური კოლექცია და სხვა ძველი საყოფაცხოვრებო ნივთები ინახება.
ქალაქთან ახლოს, სოფელ ჭყვიშშია ცნობილი პოეტის, ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი. მაიაკოვსკი აქ დაიბადა და გაიზარდა და 1940 წელს, მისი გარდაცვალებიდან 10 წლის თავზე ბაღდათს მისი სახელი დაარქვეს.
ისტორიული სახელწოდება ბაღდათმა 90-იანი წლების ბოლოს დაიბრუნა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ორი ბალნეოლოგიური კურორტია - საირმე და ზეკარი, სამკურნალო ჰავით, წყლებითა და ევროპული ინფრასტრუქტურით. ასეთ შესაძლებლობებს ბაღდათის მწვანე გარემო ქმნის. ქალაქშიც კი ტერიტორიის 67,5% ტყითაა დაფარული.
ბაღდათში კარგადაა განვითარებული მევენახეობა. ამიტომ აუცილებლად უნდა დააგემოვნო ძელშავის, ცოლიკაურის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოები. აქაურ ბაზარსა თუ საოჯახო სასტუმროებში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების შეძენაც შეგიძლია.