KA

ზემო სვანეთი

როცა თოვს და გარემო თეთრად იპენტება, ირგვლივ ყველაფერი წვრილ ნაქარგებად ჩანს, ქვითა და ლოდებით ნაშენი კოშკები კი - მისტიკური მდუმარების მცველებს ჰგვანან. ეს სვანეთია, ზემო სვანეთი, საქართველო.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
რეგიონი
მესტია

სვანური კოშკები

2000 მეტრ სიმაღლეზე, ცამდე ატყორცნილი მთების გარემოცვაში მდგარი 20-25 მეტრი სიმაღლის კოშკები აუცილებლად უნდა იხილო. მათი მეტრნახევრიანი სისქის კედლები ნებისმიერ ზვავსა და მტერს უძლებდა; აქ ერთმანეთთან ხის კიბეებით დაკავშირებულ ოთხ-ხუთ სართულზე სვანები ოჯახებით ცხოვრობდნენ, კოშკის თავზე გვირგვინად დადგმულ ბაქანს კი საბრძოლო პლაცდარმად იყენებდნენ. 

სვანური კოშკი UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, თუმცა საქართველოს ეს მხარე მხოლოდ ამ საგანძურით არ გამოირჩევა. 

კიდევ რას ნახავ ზემო სვანეთში?

დაიწყე მისი გაცნობა მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმით, სვანეთის განძის უდიდესი ნაწილი სწორედ აქ არის თავმოყრილი. მესტიაშივეა ზემო სვანეთის საერთო სალოცავი - სეტის წმინდა გიორგის ეკლესია, სადაც დაცულია XII-XIII საუკუნეების ჯვრები და ხატები; მესტიის ფუსდის ეკლესიაში ნახავ XIII საუკუნის მხატვრობას; აუცილებლად უნდა მოინახულო ლაღამის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია - ერთნავიანი ორსართულიანი ბაზილიკა.   

ზემო სვანეთი კამკამა ტბებიცაა და თვალუწვდენელი მწვერვალებიც, როგორიცაა ლაილა; თეთნულდთან კი სათხილამურო კურორტია, რაც ასევე უნდა ნახო, როცა ზემო სვანეთში მოხვდები. აუცილებლად ესტუმრე კურორტ ჰაწვალსაც, რადგან ეს ადგილი დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აგავსებს. მოინახულე უშგული - ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლებული ადგილი, ასევე მწვერვალები: შხარა, რომელიც ზღვის დონიდან 5203 მეტრზეა და უშბა - ზღვის დონიდან 4700 მეტრზე.

დააგემოვნე გამორჩეული სვანური კერძები: უნიკალური სვანური მარილით შეზავებული კუბდარი, კუპატი, გასინჯე ყველიანი მჭადი - ჭვიშტარი, სვანური ხაჭაპური, იქაური პური, თაფლი, ერთნახადი სვანური არაყი - რახი და მიხვდები, რომ სვანეთის გასაცნობად ერთი ცხოვრება არ გეყოფა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა