გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულებისთვის თეთნულდი საუკეთესო არჩევანია. თეთნულდის ულამაზესი მთა ალპურ ზონაში მდებარეობს. აქ თავისუფლად სრიალი მომზადებულ სათხილამურო ტრასებს შორისაც შეიძლება, რაც „ფრი რაიდინგის“, ფაქტობრივად, ულიმიტო შესაძლებლობას იძლევა.
თეთნულდზე 5 თანამედროვე, მაღალი გამტარუნარიანობის სწრაფი საბაგირო გზა და 9 სასრიალო ტრასაა. მათი ჯამური სიგრძე 13 კმ-ს აღწევს. ტრასები შესაფერისია როგორც საშუალო დონის, ისე გამოცდილი მოთხილამურეებისათვის. შესაძლებელია, 3160 მეტრ სიმაღლეზე საბაგიროთი ახვიდე და იქიდან 2260 ან 1300 მეტრზე თავისუფალი სრიალით ირგვლივ მდებარე სოფლებში პირდაპირ კერძო სასტუმროების კარებთან დაეშვა. გაითვალისწინე, რომ ამ ვერტიკალური ვარდნის განმავლობაში მაღალი ხარისხის გაუკვალავ თოვლში სრიალებ.
„ფრი რაიდინგის“ ყველაზე პოპულარული მარშრუტები თეთნულდზე მულახისა და ადიშის თემებია, სადაც ერთ დღეში სხვადასხვა სოფლის მიმართულებით რამდენიმე დაშვებაა შესაძლებელი. მთავარი პირობა სათანადო მომზადებაა - კარგი აღჭურვილობა და პროფესიონალი გამყოლის ყოლა. ასეთი ადამიანი კარგად იცნობს ტერიტორიას და ის ყველა ზვავსაშიშ ადგილზე ფლობს ინფორმაციას.
თეთნულდის მწვერვალის სიმაღლე 4852 მეტრია. მასთან მიახლოება ბოლო საბაგიროს ზედა სადგურიდან -„სკიტურით“ არის შესაძლებელი. ზვავსაშიში ადგილების გამო, პროფესიონალი გამყოლის ყოლა და შესაბამისი აღჭურვილობა აქაც აუცილებელი პირობაა.
თეთნულდზე „სკიტურინგიც“ პოპულარულია. ეს მთა შესაძლებლობას იძლევა, სპეციალური თხილამურებით საკმაოდ მაღლა ახვიდე და გაუკვალავ თოვლში ისრიალო. როდესაც დააფიქსირებ, რომ მყინვარის ფერდზე სრიალებ და მწვერვალს პირდაპირ უყურებ, სრიალი ორმაგად სასიამოვნო გახდება.
თეთნულდზე კვების რამდენიმე ობიექტია, თუმცა სასტუმრო აქ არ არის. ღამის გათევა შესაძლებელია მიმდებარე სოფლების საოჯახო სასტუმროში და, რა თქმა უნდა, მესტიაში, სადაც სასტუმროების ფართო არჩევანია.
თეთნულდზე ასვლაც მესტიიდან იწყება. 16 კმ-ის გავლას საბაგიროებამდე, საშუალოდ, 40 წუთი სჭირდება. გზის დაფარვას ზამთარში მაღალი გამავლობის ავტომობილით შეძლებ. გაითვალისწინე, რომ საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე ერთიანი სააბონემენტო სისტემა მოქმედებს, რაც ერთი მრავალდღიანი ბილეთით მესტიის, გოდერძის, ბაკურიანისა თუ გუდაურის საბაგიროებით სარგებლობას გულისხმობს. აბონემენტის შეძენა ნებისმიერი კურორტის სალაროშია შესაძლებელი.
დაბა მესტია თეთნულდამდე, ან თეთნულდის მოვლის შემდეგ აუცილებლად უნდა დაათვალიერო. ადგილობრივებთან ურთიერთობა, სვანური კოშკების ნახვა და სვანური კერძების დაგემოვნება სვანეთის ხიბლის ახსნის ერთგვარი გასაღებია.