KA
Tetnuldi Mountain

თეთნულდის მთა

შეუძლებელია, საქართველოში იმოგზაურო, ეს საოცარი ქმნილება იხილო და მომენტალურად არ გაოცდე - უზარმაზარი, ცაში მედიდურად აზიდული თეთნულდის მთა შენზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
კურორტი
კურორტი თეთნულდი

გამორჩეული მთა თხილამურების მოყვარულთათვის

„სვანეთის თეთრი პატარძალი“ - ასე უწოდებენ თეთნულდს. ეს 4852 მეტრის სიმაღლის მთაა, ნამდვილი სამოთხე ექსტრემალური ტურიზმისა და თხილამურებით სრიალის მოყვარულებისთვის. 3000 მეტრს ზემოთ ღრუბლებში გახვეული, მარადიული თოვლით დაფარული თეთნულდი გამყინვარების დიდი ცენტრია. აქ სრიალისთვის საუკეთესო თოვლია და სათხილამურო სეზონი ნახევარი წელი გრძელდება. 

თეთნულდის მთა მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარე ენგურის სათავეებთან მდებარეობს და ძირითადად ძველი კრისტალური ქანებისგან არის აგებული. მის ფერდობზე წანერის, ადიშისა და სხვა მყინვარები ეშვება. 

მწვერვალზე პირველად 1930 წელს ქართველი მთამსვლელი ქალის, ალექსანდრა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით ავიდნენ. ამ მწვერვალზე ასვლა გამოწვევაა, რომლისთვისაც მტკიცე ნებისყოფა, შესაბამისი მომზადება და სპეციალური აღჭურვილობაა საჭირო. თეთნულდიდან წელიწადის ნებისმიერ დროს ულამაზესი ხედები იშლება, თუმცა ლამაზია გზაც, რომელსაც მთამდე მიჰყავხარ. 

მაგალითად, ერთ-ერთი მარშრუტი ულამაზესი სოფლიდან - ადიშიდან იწყება, სადაც ათამდე კოშკსა და რამდენიმე ეკლესიას ნახავ. თეთნულდი მესტიის სათხილამურო კურორტების ერთ-ერთი მიმართულებაა და Freeride World Tour-ის საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის ადგილიც. პირველი ტური თეთნულდზე 2022 წელს ჩატარდა და ის ყოველწლიურად გაიმართება.  

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა