KA

თუშეთი-ალაზნისთავი-რკინისმთა-პანკისის ხეობა

კახეთის მხარე ბუნების მხრივ გამორჩეული და მრავალფეროვანია. აქ მრავლადაა გრილი, მწვანეში ჩაფლული ჩანჩქერები და მოლივლივე ტბები. ამ მხარეში საქართველოს სხვა რეგიონებისგან სრულიად განსხვავებულ ლანდშაფტსაც შეხვდები. თუშეთი და პანკისი სწორედ კახეთში მდებარეობს და ორივე მათგანი მისტიკური და მომნუსხველი ბუნებით ხასიათდება. მათ დამაკავშირებელ მარშრუტზე 4-დღიანი ლაშქრობა შეგიძლია დაგეგმო, რომელიც რთული, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავი იქნება.

დღე პირველი: ომალო-ჯვარბოსელი

ტური სოფელ ომალოდან იწყება, რომელიც თუშეთში, პირიქითის ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 1880 მეტრზე მდებარეობს. აქედან ჯვარბოსელამდე 22,5 კმ-ია, სადაც სამანქანო გზაც მიდის, თუმცა თავგადასავალი ბევრად შთამბეჭდავი იქნება, თუკი ომალოდან სალაშქრო ბილიკით ღელეს უღელტეხილამდე მიხვალ, შემდეგ  გოგორათას მთაზე ახვალ, მაკრატელას ქედსაც გაუყვები და ჯვარბოსელში დაეშვები. აქ ღამისთევას საოჯახო სასტუმროში შეძლებ.

დღე მეორე: სოფელი ჯვარბოსელი-ალაზნისთავი

ჯვარბოსელიდან სოფელ ალისგორისკენ აიღე გეზი. აქ მთლიან ხეობაზე საოცარი ხედები იშლება. შემდეგ საჯინჭვლოდან ალაზნის ხეობაში ჩახვალ და ალაზნისთავში, ტურისტულ თავშესაფართან (კოტეჯი) აღმოჩნდები. აქ მეორე ღამის გათევასაც შეძლებ. ჯვარბოსელიდან ალაზნისთავამდე კი 20 კმ-ია. ალაზნისთავი თუშეთის ულამაზესი ისტორიულ-გეოგრაფიული ადგილია, სადაც თუში მეცხვარეები ცხვარს უძველესი საუკუნეებიდან მოყოლებული აძოვებდნენ.

დღე მესამე: ალაზნისთავი-მასარის მთა

16-კილომეტრიან გზაზე ალაგ-ალაგ ციცაბო აღმართის ავლა მოგიწევს. ალაზნისთავიდან საყორნის უღელტეხილისკენ გაემართები, საიდანაც წიფლოვანას ხეობაში დაეშვები. ხეობაში დაბანაკება სასურველი არ არის, ამიტომ უმჯობესია, მასარის მთისკენ აიღო გეზი და მთაზე ულამაზეს ბუნებაში დაბანაკდე.

დღე მეოთხე: მასარის მთა-სოფელი ჯოყოლო

17-კილომეტრიანი გზის მთავარი სირთულე კლდეში ნაკვეთი ბილიკების გავლაა, რომელიც მასარიდან რკინისმთასთან მიგიყვანს. აქედან კი უკვე პანკისის ხეობასაც დაინახავ. 

რკინისმთიდან სოფელ ტბათანაში დაეშვები, საიდანაც შეგიძლია სოფელ ჯოყოლოში მანქანითაც ჩახვიდე.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა