თხილმარის ტურებში მონაწილეობა შეუძლია მას, ვინც თხილამურებით სრიალი არ იცის, არ აქვს სრიალისთვის საჭირო აღჭურვილობა, ან სკიტურზე წასვლას ვერ ახერხებს. თხილმარის საშუალებით ისინი ბახმაროს მთებში არაჩვეულებრივი მზის ჩასვლის ხილვასაც შეძლებენ და საქართველოს სხვა მთებიდან გადაშლილი ხედებითაც ისიამოვნებენ.
კლიმატური კურორტი ბახმარო აჭარა-გურიის მთაგრეხილზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2050 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მზის ჩასვლის გორა კი პატარა ბახმაროს მწვერვალია საქასრიის ქედზე.
ბახმაროდან შავ ზღვაში მზის ჩასვლის ყურება ნებისმიერ დროს დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა, თუმცა ზამთარში ეს პროცესი განსაკუთრებით შთამბეჭდავია. ამ დროს თოვლის საფარი 4-იდან 5 მეტრს აღწევს. თოვლი ბახმაროზე 6 თვემდე ჩერდება, ტემპერატურა კი, საშუალოდ, 14 გრადუსია.
ზამთარში ბახმაროში ავტომობილით მისასვლელი გზა იკეტება, ბოლო პუნქტი, სადამდეც ავტომობილით მისვლა შეგიძლია, ზღვის დონიდან 910 მეტრზე მდებარე სოფელი ჩხაკოურაა. სოფლიდან ბახმარომდე 10 კილომეტრია, რისი გავლაც ბურანებითა და თოვლმავალით 30 წუთშია შესაძლებელი.
ბახმაროში ასვლის შემდეგ, ზღვის დონიდან 1928 მეტრ სიმაღლეზე, ფეხით სავალი მარშრუტი იწყება. მზის ჩასვლის გორა აქედან - 2,8 კილომეტრში, ზღვის დონიდან კი 2 148 მეტრ სიმაღლეზეა.
მთისკენ გზა ბუხნარის ქუჩას მიუყვება, ბახმაროს ძველ ნაწილში გაივლის და შემდეგ მთაზე ადის. ბახმაროდან მთის წვერამდე ასვლას 1 საათი-1 საათი და 20 წუთი სჭირდება.
ამ მარშრუტზე აუცილებელია ზამთრის ფეხსაცმელი და ფეხსაცმელზე ამოსაცმელი სპეციალური თოვლზე სავალი მოწყობილობა - თხილმარი.
აღნიშნული ტური ორდღიანია, შესაბამისად, ღამის გათევა ბახმაროში მოგიწევს. კურორტზე ტიპური ხის სააგარაკო სახლები დგას და შესაძლებელია მათი ქირაობაც.
ზამთარში კოტეჯებს ძირითადად შეშის ღუმელის გათბობა აქვს. დიდთოვლობის გამო, წყალს ახლოსმდებარე დასახლებიდან იმარაგებენ. თან უნდა გქონდეს საკვებიც, რადგან ამ დროს აქ სავაჭრო ობიექტები არ ფუნქციონირებს.