KA
2024-12-21T15:27:34.000000Z
კავკასია

კავკასია

ანტიკური საბერძნეთის დრამატურგიაში, ესქილეს „მიჯაჭვულ პრომეთეში“ კავკასია პირველად მოიხსენიეს. ქართული მითოლოგიის მიხედვით კი, კავკასიონის კლდეზე არა პრომეთე, არამედ ამირანი იყო მიჯაჭვული.
სარჩევი

მითებით საკმაოდ მდიდარი ეს მხარე დედამიწაზე უძველესი ცივილიზაციის აკვანია. მითებს რომ თავი დავანებოთ, სწორედ ეს მხარეა, სადაც უძველესი ევროპელი ქალისა და კაცის ნაშთი იპოვეს. მათ უძველესი ქართული სახელები, ზეზვა (კაცს) და მზია (ქალს), დაარქვეს. საქართველოში, კავკასიის ცენტრში მდებარე პატარა ქვეყანაში მხოლოდ ეს აღმოჩენა არ გაუკეთებიათ. არქეოლოგებმა აქვე იპოვეს ღვინის დასაყენებელი ტრადიციული ქართული ჭურჭელი - ქვევრი, რომლის ასაკი სულ მცირე 8 000 წელს ითვლის.

კავკასიის გეოგრაფია

კავკასია მთების ორი დამოუკიდებელი სისტემისგან შედგება. ესენია დიდი და მცირე კავკასიონის ქედები. რეგიონი შავი, კასპიისა და აზოვის ზღვებს შორის არის მოქცეული და ჩრდილოეთიდან კუმა-მანიჩის ღრმული ეკვრის, სამხრეთიდან - ირანი და თურქეთი, დასავლეთიდან - მდინარე ყუბანის შესართავი, აღმოსავლეთიდან კი აფშერონის ნახევარკუნძული. 

440 000 კვ.კმ-ზე გადაჭიმული კავკასია ორ ნაწილად იყოფა: ჩრდილოეთი კავკასია, რომელიც დიდი კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით მდებარეობს და დღეს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შედის, და სამხრეთი კავკასია, სადაც 4 ქვეყანაა წარმოდგენილი – საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთის აღმოსავლეთი ნაწილი.

რელიეფი და კლიმატი კავკასიაში

კავკასიის ხედი

როგორც საქართველოში, ისე მთელ კავკასიაში, ტერიტორიის ნახევარზე მეტი მაღალ მთებსა და მყინვარებს უკავია. შესაბამისად, ამ მხარეში კლიმატური პირობებიც რადიკალურად განსხვავდება. მაღალ მთებში მუდმივ უმკაცრეს ზამთარს ნახავ, აღმოსავლეთ ნაწილში კი უდაბნოშიც შეგიძლია გასეირნება. ზღვების სანაპიროების გასწვრივ სუბტროპიკული ჰავა დაგხვდება მთელი თავისი სიმწვანით. 

უფრო ზუსტი წარმოდგენისთვის, კავკასიის ყველაზე დაბალი ადგილი ზღვის დონეზე 28 მეტრით დაბლა მდებარეობს – თვალსაჩინოებისთვის ეს ნიშნავს მინუს 9 სართულს. ყველაზე მაღალი მწვერვალი კი იალბუზია 5 642 მეტრი სიმაღლით. 

ამდენად, კავკასიაში ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული 21 ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონი და 11 კლიმატური ოლქი გამოიყოფა თავისი ფლორისა და ფაუნის უნიკალური მრავალფეროვნებით.

კავკასიაში შემავალი ქვეყნები, ხალხები და კავკასიური ენები

კავკასია

კავკასია მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული მრავალეთნიკური რეგიონია. კავკასიაში უძველესი დროიდან არაერთი ეთნოსი ცხოვრობდა, რომელთა ნაწილი დღესაც აქ სახლობს და მათთან მკვიდრ კავკასიელებს – ქართველებს განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. 

კავკასიაში სრულიად განსხვავებული ეთნოსები საკმაოდ მცირე ტერიტორიულ ერთეულებზე ცხოვრობენ, რომელთაგან ზოგიერთი დედამიწის სხვა კუთხეებიდან არის წარმოშობით, ნაწილი კი უძველესი ადგილობრივი მკვიდრია. 

დღეისათვის კავკასიაში 50-ამდე ეთნოსი მკვიდრობს, რომლებიც დღემდე ინარჩუნებენ გამორჩეულ კულტურას, წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებს. 

კავკასიურ ენათა ოჯახს, რომელსაც ადრე იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახს უწოდებდნენ, მიეკუთვნებიან: ადიღელები, ჩერქეზები, ყაბარდოელები, აბაზები და აფხაზები; ჩეჩნები და ინგუშები, დაღესტნური ეთნოსები: ხუნძები, ანდიელები, ახვახები, ბაგულალები, ბოთლიხელები, ღოდობერიელები, კარატაელები, ტინდიელები, ჭამალალები, დიდოელები, კაპუჭელები, ხვარშიელები, ჰინუხელები, ჰუნზიბელები, არჩიბელები, დარგუელები, ხაიდაყელები, ყუბაჩელები, ლაკები, ლეზგები, აღულები, რუთულები, თაბასარანელები, წახურები, აზერბაიჯანის შაჰდაღის მთებში მცხოვრები ჰინალუღები, კრიწები, ბჟედუხები, აზერბაიჯანშივე და საქართველოში მცხოვრები უდიები და, რაც მთავარია, კავკასიური მოდგმის ერთადერთი ხალხი – ქართველები, რომლებსაც მსოფლიოს 14 დამწერლობიდან ერთი ეკუთვნით.

ებრაელები კავკასიაში

კავკასიის ხალხების ჭრილში ცალკე აღნიშვნას იმსახურებს სემიტურ-ქამიტური მოდგმის ხალხის – ებრაელების, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძველი და კულტურული ეთნოსის, საკითხი. კონკრეტულად, საქართველოში ებრაელებს 26-საუკუნოვანი ისტორია აქვთ. მას შემდეგ, რაც ძვ. წ. 722 წელს ასურეთმა ისრაელის სამეფო დაიპყრო, ხოლო ძვ.წ. 586 წელს ბაბილონმა იუდეის სამეფო გაანადგურა და ებრაელი ხალხი აიძულა, სამშობლოდან აყრილიყო და სხვადასხვა ქვეყნებში გადასულიყო, ისინი საქართველოშიც დასახლდნენ. ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, საქართველოში დასახლებულმა ებრაელებმაც შექმნეს აქ სათვისტომო. ისევე, როგორც ყველგან, საქართველოშიც აითვისეს ებრაელებმა ადგილობრივი ხალხების ენა და კულტურა, მაგრამ საკუთარი რელიგია და მთელი რიგი ყოფითი ტრადიციები შეინარჩუნეს. ამ ხალხს იერუსალიმთან კავშირი საუკუნეების განმავლობაში არ გაუწყვეტია.

დიდი კავკასიონი – კავკასიელებს შორის კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობის რთული გადასასვლელი

დიდი კავკასიონის ცენტრალურ ნაწილში მისი მთავარი მწვერვალები (იალბუზი – 5662 მ. შხარა – 5201 მ, დიხთაუ – 5198 მ, ყოშთანთაუ – 5144 მ, ჯანღა – 5059 მ, მყინვარწვერი – 5033 მ...) მუდამ თოვლითაა დაფარული. ეს მთათა სისტემა თითქმის გაუვალია, მაგრამ ადგილობრივმა ხალხებმა საუკუნეების განმავლობაში არაერთი გადასასვლელი იპოვეს და ეს გადასასვლელები უძველესი დროიდან კავკასიაში განსახლებული ეთნოსებისათვის კომუნიკაციის ერთადერთ გზას წარმოადგენდა. ასე რომ, კავკასიის ქედი ადგილობრივებისთვის არასოდეს ყოფილა გადაულახავი ზღუდე. განსაკუთრებით აქტიური საკომუნიკაციო არხები იყო დარიალი და დერბენტი. ზაფხულობით კი სხვა ბილიკებითაც სარგებლობდნენ (მნიშვნელოვანი იყო დვალეთიდან ჩრდილოეთ კავკასიაში შესასვლელი კასრის კარი). ამ გადასასვლელების დამსახურება ის გახლდათ, რომ ჩრდილოელ და სამხრელ კავკასიელებს საუკუნეების განმავლობაში მჭიდრო კულტურული ურთიერთობები ჩამოუყალიბდათ. ამდენად, ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის ეთნოსებს შორის მთელი ისტორიის მანძილზე, კულტურულ ურთიერთობასთან ერთად, ეთნიკური და სამეურნეო ურთიერთობაც არსებობდა. ამას ის ისტორიული ფაქტიც მოწმობს, რომ ჩრდილოელები, ტრადიციულად, საძოვრებად დღევანდელი ყარაბაღის ტერიტორიებს იყენებდნენ.

დაბოლოს, კავკასიაზე, ძველი ბერძენი მემატიანეებიდან დაწყებული, თანამედროვე ეთნოგრაფებით დამთავრებული, ბევრი წერს. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ ნაშრომებში მოცემული ინფორმაცია, იქ აღწერილი არქიტექტურა, რელიეფი, კულტურული ცხოვრება თუ სხვადასხვა რიტუალი დღევანდელ კავკასიაში საკუთარი თვალით შეგიძლია იხილო და პირადად განიცადო, შეიგრძნო ის ყველაფერი, რაც დედამიწის ამ რეგიონში მრავალი საუკუნის განმავლობაში ყალიბდებოდა და დროს გაუძლო – დაინახე კავკასიის დიდი ისტორია თანამედროვეობაში.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა