KA
კახური ზეთი

კახური ზეთი

ზაფხულის მიწურულს, როცა მინდვრები გადაყვითლდება და ყვავილში მარცვალი მომწიფდება, კახეთის რაიონებში მზესუმზირას მოსავლის აღება იწყება. ამ დროს გლეხების ეზოები, აივნები, ბანი და ერდო ამ მზისფერი ყვავილით ივსება.

მზესუმზირის ზეთი ქართულ სამზარეულოში

მინდვრებიდან გამოტანილი მზესუმზირა კარგად უნდა გაშრეს, მერე დაიბეგვოს და მარცვალი გამოიყაროს. შემდეგ ერთიანად ახმაურდება ზეთსახდელები - ოქროსფერი სითხე ნაკადულებად წამოწანწკარდება და ჭურჭელი ამ სურნელოვანი, ნოყიერი და გემრიელი ძვირფასი საკვებით აივსება. თუ იქვე თონეც ააგიზგიზეს და ცხელ-ცხელი პური ამოყარეს, ნამდვილ დელიკატესს  შემოგთავაზებენ - კახურ შოთს ახალდაწურული კახური ზეთით. 

ეს ცოცხალი ქართული გემოა, რომელსაც ამ სახით საქართველოს სულ რამდენიმე რაიონში გასინჯავ - დედოფლისწყაროში, სიღნაღსა და გურჯაანში, იქ, სადაც კახური ზეთის „ბეღელია“.  

მზესუმზირა საქართველოში მეოცე საუკუნის დასაწყისში ევროპიდან შემოიტანეს. ის  სინათლის, სითბოსა და ტენის მოყვარული მცენარეა, ხანმოკლე სუსხსაც უძლებს და  გვალვასაც კარგად იტანს, წყალგამტარი შავმიწა ნიადაგი სჭირდება და სწორედ ასეთი აღმოჩნდა კახეთი, უფრო მეტად კი - ისტორიული ქიზიყის ტერიტორია და მზესუმზირა კახური ზეთის ძვირფას ნედლეულად იქცა. პირველი ზეთსახდელი ქარხანაც დედოფლისწყაროში აშენდა.

როგორ მიიღება კახური ზეთი?

კახური ზეთი, სხვა ზეთებისაგან განსხვავებით, ბლანტია და ტრადიციულად ქიმიური ფილტრაციის გარეშე მიიღება. კახური ზეთის დაწურვის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ყველაზე გავრცელებული დაწნეხის მეთოდია: კარგად გამომშრალ მზესუმზირას 80 გრადუსამდე ათბობენ, წნეხენ და 2 კვირით უჟანგავ ჭურჭელში აჩერებენ. ასეთი წესით მიღებული პროდუქტი მაქსიმალურად ინარჩუნებს მაღალ კვებით ღირებულებას. 

კახური ზეთი განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს სალათებს, მწნილს, ჯონჯოლს, ლობიოს და ის ყველა თადარიგიან დიასახლისს აქვს გადანახული განსაკუთრებული შემთხვევებისთვის. ეს ზეთი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის - შეიცავს ისეთ ვიტამინებს, როგორებიცაა: A, K, D, E და მდიდარია ომეგა 6-ის ტიპის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა