ანაკლია შავიზღვისპირეთში ერთ-ერთი უძველესი ნავსადგური და მეთევზეთა სოფელი იყო. ამ ტერიტორიაზე გათხრილი არქეოლოგიური ძეგლი „დიხა გუძუბა“ ადასტურებს, რომ ანაკლიაში ჯერ კიდევ ძვ.წ. VI-V საუკუნეებში ჩქეფდა კოლხების ცხოვრება, თუმცა სოფელი მტრის შემოსევისას დაცლილა. აქ აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა ზუგდიდის მუზეუმში ინახება.
ანაკლიას საფეხმავლო ხიდით უკავშირდება სოფელი განმუხური. ხიდი მდინარე ენგურზეა დაკიდებული და ეს ლამაზი ნაგებობა გერმანელმა არქიტექტორმა პიტერ ვალსერმა დააპროექტა. ხიდის სავალი ნაწილის სიგრძე 504 მეტრია, სიგანე კი - 6.81 მ; ამჟამინდელი მონაცემებით, ის ევროპაში ყველაზე გრძელი საფეხმავლო ხის ხიდია.
ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლში ყველაფერია, რაც ზღვაზე დამსვენებლებს სჭირდებათ - სუბტროპიკული მცენარეები, ველოსიპედის ბილიკები, კაფე-ბარები, ამფითეატრი, სპორტული მოედნები და მაღალი კლასის სასტუმროები.
ანაკლია-განმუხურში განსაკუთრებით სუფთა ზღვა და წმინდა სილის პლაჟია. პლაჟის სიგრძე 10-12 კმ-ია, სიგანე - 50-80 მ; პლაჟი კეთილმოწყობილია - საშხაპეებით, ბუნგალოებით, ქვიშისა და ფრენბურთის მოედნებით.
2012 წელს ანაკლიაში დიდ ფართობზე აკვაპარკიც გაშენდა, სადაც თანამედროვე სისტემებით მოეწყო აუზი, სასრიალო მილები და გასარუჯი ადგილები; აქ ერთდროულად 800 ადამიანს შეუძლია დასვენება და გართობა. აკვაპარკის ტერიტორიაზე მუშაობს კაფეც.