საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
KA

გრიგოლეთი

გურიაში, შავი ზღვის სანაპიროზე, მდებარეობს პატარა სოფელი გრიგოლეთი. ეს ის ადგილია, სადაც, ბერძნული მითის მიხედვით, ძველი კოლხეთის მეფე აიეტი თავის ულამაზეს ქალიშვილ მედეასთან ერთად ცხოვრობდა. მედეას ოქროს საწმისის მოსაპოვებლად კოლხეთში ჩამოსული ბერძენი იაზონი შეუყვარდა, ოქროს საწმისის მოტაცებაში დაეხმარა და მასთან ერთად საბერძნეთში გაიქცა.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
5:00 სთ
ბათუმი
1:10 სთ
ქუთაისი
1:45 სთ

რატომ არის გრიგოლეთი უნიკალური კლიმატური კურორტი?

ამ რომანტიკული ამბის გარდა, გრიგოლეთს კიდევ ბევრი რამ აქვს მომხიბლავი და საინტერესო: 

სოფელ გრიგოლეთს დასავლეთიდან ზურმუხტისფერი ზღვა აკრავს, აღმოსავლეთიდან კი მთის რელიეფი მიუყვება.  

გრიგოლეთის ზღვის პირას, მთელ სანაპიროზე „ბიჭვინთის ფიჭვია“ გაშენებული.  ეს არის ერთადერთი მცენარე, რომელიც მლაშე ბრიზს უძლებს და სრულიად თავისებურ მიკროკლიმატს ქმნის - განსაკუთრებით პულმონოლოგიური და ფთიზიატრიული თვალსაზრისით. 

გრიგოლეთის პლაჟის ქვიშა მაგნეტიტისა და ტიტან-მაგნეტიტის  წვრილი მარცვლებისა და სხვა ქანების ნამსხვრევებისგან შედგება. ცხელი ქვიშის აბაზანები ადამიანის ორგანიზმზე სითბურ და მექანიკურ გავლენას ახდენს, რაც აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, სასარგებლოა რევმატული და სახსრების დაავადებებისთვის. ზოგადად, პსამოთერაპია, ანუ ცხელი ქვიშით მკურნალობა, დღეს ძალიან პოპულარულია. ამ სახის თერაპიისთვის გრიგოლეთში აქტიურად დადიან ადგილობრივი დამსვენებლებიც და ტურისტებიც.

როგორ გამოიყურება გრიგოლეთი დღესდღეობით საკურორტო რუკაზე?

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა და ზღვის წყალი, უნიკალური „ბიჭვინთის ფიჭვი“, ფართო პლაჟი, მაგნიტური ქვიშა.

მკურნალობის სახეობები: კლიმატო, თალასო და პსამოთერაპია, მაგნეტიტური ქვიშის აბაზანები.

სამკურნალო ჩვენებები: სუნთქვის ორგანოების, ტუბერკულოზის, ნერვული და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების (რევმატული და სახსრების) დაავადებები.

გრიგოლეთი დღეს

ბოლო წლებში აქ ფართოდ გაიშალა საკურორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. გრიგოლეთის დასასვენებელ სახლებსა და საოჯახო სასტუმროებში დღეს ყველა პირობაა შექმნილი კომფორტული დასვენებისთვის.

გრიგოლეთი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შედის და 25 კილომეტრითაა დაშორებული ქალაქ ლანჩხუთიდან. უახლოესი რკინიგზის სადგურია ურეკი (6 კმ); ფოთის ნავსადგურიდან კურორტამდე 10 კმ-ია, ბათუმის აეროპორტიდან 50კმ. სოფელში გადის საავტომობილო მაგისტრალი.  

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა