KA
Turtle Lake

კუს ტბა

კუს ტბა თბილისში საკმაოდ პოპულარული ადგილია - დასასვენებლად, გასართობად, სავარჯიშოდ, სალაშქროდ და საპიკნიკოდაც კი. ტბა პატარაა, მისი სიგრძე – 180, ხოლო სიგანე 50 მეტრია, თუმცა მას საკმაოდ ბევრი ფუნქცია აქვს.
რეგიონი
თბილისი
რეგიონი
თბილისი

კუს ტბა ბუნებრივი წყალსაცავია, რომელიც თავის დროზე მიწისქვეშა შენაკადება წარმოშვა და თბილისის ცენტრიდან სამხრეთ-დასავლეთით, მთაწმინდის ფერდის  ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს. ტბის უკან ბუნებრივი ბუჩქნარი და ნათელი ტყეა, სადაც კარგი ადგილებია მოკლე სალაშქრო მარშრუტებისთვის. მაგალითად, ნებისმიერ სეზონზე კუს ტბის ფერდობზე შეგიძლია, მოაწყო ერთდღიანი ლაშქრობა კუს ტბა - ბულბულების ჭალა - კუს ტბა (2-3 კმ) ან კუს ტბა - მთაწმინდა (6 კმ), რომელიც აღმოსავლეთით „ფუნიკულიორის“ პარკამდე ჩაგიყვანს.

იმის გათვალისწინებით, რომ ზღვის დონიდან სიმაღლე თითქმის 700 მეტრია, ზაფხულში, ქალაქთან შედარებით, საგრძნობი სიგრილეა. თუმცა ზაფხულში აქ საბანაო სეზონიც არის. კუს ტბის სანაპიროზე კეთილმოწყობილია პლაჟი; ტბაზე შეგიძლია, კატამარანით ან წყლის ველოსიპედებით გაისეირნო; პლაჟის გასწვრივ მოწყობილია სცენა და სეზონზე შაბათ-კვირას მუსიკალური ღონისძიებები იმართება.  ტბის სანაპიროზე ღია კაფეები მუშაობს.

ფეხბურთის მინიმოედანზე და ტბის ირგვლივ კილომეტრიან ბილიკზე კი ყოველ სეზონზე დარბიან და ვარჯიშობენ.

ტბამდე ილია ჭავჭავაძის გამზირიდან საავტომობილო გზაც ადის და საბაგიროც. 

კუს ტბა თბილისის ერთ-ერთი უდიდესი რეკრეაციული ინფრასტრუქტურის ნაწილია. ის ერწყმის ვაკის პარკს, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ფერდობსა და ეთნოგრაფიულ მუზეუმს – ღია ცის ქვეშ მოწყობილ პატარა საქართველოს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა