ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე მსოფლიოში ერთ-ერთი კარგად შემონახული, პირველყოფილი ბუნებრივი ლანდშაფტებია; მასში შედის ნაკრძალი, 19749 ჰექტარი ფართობით, და აღკვეთილი, რომელიც 4500 ჰექტარია, ზღვის დონიდან კი 400-დან 3500 მეტრამდე სიმაღლეზე მდებარეობს.
აღკვეთილის ფლორისა და ფაუნის სამყარო მდიდარი და მრავალფეროვანია იშვიათი სახეობებით. აქაურობას თუნდაც წიფლნარ-რცხილნარი ტყის, ულამაზესი ხეობების, ალპური ტბების, ნინოსხევის ათასფრად მოლივლივე ჩანჩქერისა და ფრინველების სანახავად უნდა ეწვიო.
ალპური იალაღების თავზე მთის არწივები, ბატკანძერები და ორბები დაფრინავენ. აქ მობინადრე როჭოსა და შურთხს კი მხოლოდ კავკასიაში შეხვდები. თუ გაგიმართლა, აღკვეთილში სეირნობის დროს შეიძლება შველი ან ირემიც ნახო.
ლაგოდეხის აღკვეთილი მიმზიდველი ადგილია ბუნების თემაზე მომუშავე ფოტოგრაფებისთვისაც.
ამ ველურ ბუნებაში ტყეები და ალპური მდელოები ერთმანეთს ბილიკთა სისტემით უკავშირდება. გადაადგილება დასაშვებია ფეხითაც და ცხენებითაც, სპეციალურად განსაზღვრულ მარშრუტებზე, ლაგოდეხის აღკვეთილში მოგზაურობისას შეგიძლია მოინახულო: „როჭოს ჩანჩქერი“, „ნინოსხევის ჩანჩქერი“, „მაჭის ციხე“, „შავი კლდეების ტბა“ და „ბუნების შემეცნების ბილიკი“.
აქ მოგზაურობა მთელი წლის განმავლობაში შეგიძლია დაგეგმო.