KA
Leghvtakhevi Waterfall

ლეღვთახევის ჩანჩქერი

ლეღვთახევი ის ადგილია, სადაც თბილისის ცნობილი გოგირდოვანი წყლებია - სწორედ ამ წყლების მიხედვით მიიღო თბილისმა თავისი სახელი. დღეს ლეღვთახევი ძველ თბილისში ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული უბანია. 
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

რას ნახავ ლეღვთახევის ჩანჩქერის ირგვლივ?

ხევში მდინარე წავკისისწყალი მოჩხრიალებს. ის მთაწმინდის ქედზე იღებს სათავეს, შემდეგ კი ბოტანიკურ ბაღს გამოივლის. სწორედ აქ, შენ თვალწინ, 22 მეტრი სიმაღლის ულამაზესი ჩანჩქერი ჩამოედინება და ბოლოს მტკვარს უერთდება. 

ლეღვთახევის ჩანჩქერამდე სასეირნო გზა კლდეებს შორის გადის; მდინარეზე მოწყობილია პატარა ხიდები, იქვე დგას სკამები, კლდიდან კი ძველი თბილისური სახლები გადმოგყურებს თავისი ხის ფერადი აივნებით.

ლეღვთახევის სახელი ერთ გემრიელ ხილს - ლეღვს უკავშირდება. გადმოცემით, ამ ხევში ბევრი ლეღვის ხე ხარობდა და ამის გამო ხალხმა ეს სახელი შეარქვა. 

მართალია, დღეს ლეღვთახევში ლეღვის ხეები აღარ დგას, მაგრამ შეგიძლია იქვე კაფეებს ესტუმრო ან ახლომდებარე მაღაზიებსა და მარკეტებში ლეღვის ჩირი ან მურაბა იყიდო, თუმცა იცოდე, რომ ამ ხილს საქართველოში სექტემბერში დააგემოვნებ.

ლეღვთახევი წლის ნებისმიერ სეზონზე გელოდება - შებინდებულზე, ირგვლივ ლამპიონები რომ აინთება, აქაურობა აუცილებლად აღბეჭდე ფირზე, ეს კადრი თბილისში მოგზაურობის ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებად დაგრჩება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა