ასეთი სურათების ნახვა, ზურმუხტისფერ ტბაში გაცურვა და კამკამა ჩანჩქერის შხაპის მიღება იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტში, ლომინას ტბაზე შეგიძლია. ეს ტბა, თავისი ჩანჩქერით, ოკაცეს კანიონში მდებარეობს, რომელიც ცალკე სანახაობაა.
ლომინას ჩანჩქერი სიმაღლით არ გამოირჩევა, მაგრამ ტბაში უჩვეულო სილამაზით ეცემა. წყალი ტბაში ისეთი გამჭვირვალეა, ფსკერზე წვრილი კენჭების დათვლაც კი შეიძლება და ის საკმაოდ ცივია.
ყველაფერი ამის შემდეგ გამორიცხულია, მისი მონახულება არ მოგინდეს.
ტურისტული მარშრუტები ლომინას მიმართულებით ძირითადად ქუთაისიდან იწყება. მანქანით 30 კილომეტრის გავლის შემდეგ ხონში აღმოჩნდები, საიდანაც ოკაცეს კანიონი ძალიან ახლოსაა. მერე ბილიკს გაუყვები და 1 კილომეტრში შენ წინ ლომინას ტბა გაჩნდება.
აქ მშვენიერი ფოტოების გადაღებასაც შეძლებ, მაგრამ, თუ ხატვა გამოგდის, ერთი ულამაზესი ჩანჩქერი შენი ფუნჯითაც დაიხატება.