KA
Ninotsminda Monastery

ნინოწმინდის ტაძარი

საქართველოში არსებული ხუროთმოძღვრების ძეგლები არა მხოლოდ უდიდესი ისტორიული მნიშვნელობისაა, არამედ საუკუნეების განმავლობაში, უამრავი ადამიანის შთაგონების წყაროდაც ქცეულან. სწორედ ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ძეგლია ნინოწმინდის ტაძარი, რომელიც გარეკახეთში, საგარეჯოში, მდინარე ივრის აუზში, სოფელ ნინოწმინდაში მდებარეობს.
რეგიონი
კახეთი
ქალაქი
საგარეჯო

ნინოწმინდის ისტორიული წარსული

ტაძრის სახელწოდება ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს სახელთანაა დაკავშირებული, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობა იქადაგა.

ნინოწმინდის კომპლექსის მთავარი შენობა VI საუკუნის 50-75-იან წლებში უნდა იყოს აგებული, თუმცა ტაძარი მრავალგზის დანგრეულა და თავიდან აღდგენილა. 

ნინოწმინდის არქიტექტურა და ფრესკები

აქ შემორჩენილია მხოლოდ საკურთხეველი, სადაც შემონახულია XVIII საუკუნის ღვთისმშობლის ფრესკა - მთავარანგელოზებთან ერთად და ასევე მოციქულთა ფრესკები. ეკლესიის კედლებზე ხუცურ და ლათინურ წარწერებსაც ვხვდებით. ტაძრის ეზო კი გარშემორტყმულია XVIII საუკუნის მაღალი, კოშკებიანი გალავნით. ეზოში XVI საუკუნის სამრეკლოა აღმართული. 

კომპლექსს ძველი დროიდან გარს ერტყა დიდი გალავანი, რომელშიც ომიანობის დროს ადგილობრივი მოსახლეობის თავშესაფრად კოშკები იყო ჩატანებული. აღსანიშნავია, რომ ნინოწმინდის საეპისკოპოსო მეფეთა დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა. კათედრალს თავის დროზე დახმარებიან კახეთის მეფენი - ლევანი, ალექსანდრე და დავით I, ქართლის მეფენი - როსტომი და არჩილი.

ნინოწმინდის ისტორიული ღირებულება

მონასტერში მდიდარი წიგნსაცავი ყოფილა, რასაც ჩვენს დრომდე მოღწეული ხელნაწერები მოწმობს. XX საუკუნის ბოლოს ნინოწმინდაში სამონასტრო ცხოვრება განახლდა, ამჟამად აქ დედათა მონასტერი ფუნქციონირებს. 2003 წლიდან კი საგარეჯო-ნინოწმინდის ეპარქია აღდგა და აქვე განთავსდა როგორც ეპარქიის კათედრა, ისე ეპისკოპოსის რეზიდენცია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა