ქალაქი საგარეჯო, რომელიც ამავე სახელწოდების მუნიციპალიტეტის ცენტრია, გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, მდინარე თვალთხევის ნაპირას მდებარეობს. თბილისიდან აქამდე 58 კმ-ია. გზა, რომელიც თბილისიდან საგარეჯოში მიგიყვანს, თავისთავად საინტერესოა - აქ უამრავ ციხესიმაგრესა და ეკლესია-მონასტერს შენიშნავ, რომლებიც საქართველოს უძველეს ისტორიას მოგითხრობენ.
მართალია, საგარეჯო ისტორიულ წყაროებში XV საუკუნიდან მოიხსენიება, მაგრამ აქაც, ისევე, როგორ საქართველოს უდიდეს ნაწილში, ადამიანის ცხოვრების კვალი ათასწლეულებს ითვლის. VI საუკუნის პირველი ნახევრიდან საგარეჯო, გარე კახეთის რამდენიმე სოფელთან ერთად, უდიდესი სამონასტრო ცენტრის - გარეჯის ფეოდალურ მამულს წარმოადგენდა. მოგვიანებით, მას გარეჯის ქვეყანა დაერქვა.
ჩაილურის (ნიახურას) ციხეს, მანავის ციხეს, უჯარმის ციხეს, ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსს, ხაშმის სამებას, ჩოლოყაშვილების სასახლის კომპლექსსა და კიდევ ბევრ ისტორიულ ძეგლს, რომლებიც საქართველოს კულტურასა და ისტორიაზე სრულ წარმოდგენას შეგიქმნის.
საგარეჯოდან სულ რაღაც 40 კმ-ში კი, გარეჯაში, ნახავ წითელ, თეთრ, ნარინჯისფრად დაზოლილ ბორცვებს, რომლებიც დედამიწის ევოლუციის სრულ სურათს გადაგიშლის.
აქ საოცარი ლანდშაფტი და უნიკალური, კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსია. ერთი შეხედვით პატარა სივრცეში ერთმანეთის დამოუკიდებლადაა დავითგარეჯა (ანუ დავითის ლავრა) თავისი საოცარი არქიტექტურით და ნათლისმცემლის, ჩიჩხიტურისა და ბერთუბნის სამონასტრო კომპლექსები.
გარეჯაში ნახავ სრულიად უნიკალურ ფრესკულ მოხატულობას კლდეში ნაკვეთ უდაბნოს მონასტერში, სადაც ქრისტიანობამდე წარმართული სალოცავი არსებობდა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტშია ბალნეოლოგიური კურორტი უჯარმა, სადაც ბუნებაში ძალიან იშვიათი იოდ-ბრომიანი სამკურნალო მინერალური წყლებია. საგარეჯოშია, აგრეთვე, მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი და ყორუღის აღკვეთილი, სადაც დაცულ ენდემებს სხვაგან ვერსად ნახავ.