მარშრუტი სოფელ ომალოდან იწყება, საიდანაც ქუეს გადასახედისკენ ეშვები. ტყის ბილიკით ღელეს უღელტეხილთან ნაყაიჩოს ქედზე გადახვალ და ფარსმის მიმართულებით წახვალ. 22-24 კმ-იანი გზა სოფელ გირევში სრულდება, სადაც ღამეს გაათევ და სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე კარვის გაშლასაც შეძლებ. გაითვალისწინე, რომ გირევში საოჯახო სასტუმროებიც ფუნქციონირებს.
ამასთანავე, აუცილებელია, ამ დღესვე დარეგისტრირდე სასაზღვრო პოლიციასთან და ეს პროცესი, დაახლოებით, ერთ საათს წაგართმევს. გირევის საგუშაგო საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთ-ინგუშეთის მონაკვეთზეა.
გირევიდან ქვახიდისწყლის ხეობას გაუყვები, ნასახლარ ჭონთიოს გაივლი და ქვახიდის საბანაკეზე ახვალ. გზა 17 კმ-ია და საშუალო სირთულის კატეგორიას მიეკუთვნება. აქ მრავალფეროვანი ლანდშაფტის ხეობა დაგხვდება, რომელიც ულამაზესი სანახავია.
ქვახიდიდან აწუნთის მიმართულებით უნდა წახვიდე. მარშრუტი საკმაოდ რთულია, თუმცა სულ 13 კმ-ია.
ქვახიდისწყლის ხეობას შიგნით უნდა შეუყვე, მდინარის გადაკვეთაც მოგიწევს, რაც არცთუ ისე მარტივია. შემდეგ უღელტეხილისკენ რთულ აღმართებს აუყვები. აწუნთის უღელტეხილზე 3520 მეტრ სიმაღლეზე ადიხარ და პირიქითა ხევსურეთის მხარეს დაეშვები. აქედან აწუნთის საბანაკემდე ჩახვალ, რაც საკმაოდ მცირე მანძილია. ამ ადგილას ზღვის დონიდან 2960 მ-ზე იქნები, ღამის გასათევად კი 4 კმ-ით ქვევით, ხიდოთანის საბანაკეზე ჩახვალ. იქვე დაინახავ მესაზღვრეების პოსტს, სადაც მათ გირევში აღებულ ნებართვას აჩვენებ.
ხიდოთანიდან სოფელ ხონისჭალისკენ უნდა დაეშვა. აქ ტყეს გაივლი, საიდანაც ხონისჭალის წყლის ხეობაში ჩახვალ, ან ხიდოთანიდან მარცხნივ, სოფელ არდოტისკენ უნდა აიღო გეზი. საბანაკე სივრცეები ორივე სოფელთანაა, თუმცა შეგიძლია, კიდევ 4 კმ გაიარო და სოფელ მუცოს ეწვიო, სადაც საოჯახო სასტუმროებიც დაგხვდება.
ულამაზესი მუცოს შემდეგ შატილის კოშკებისკენ აიღებ გეზს - სამშენებლო ხელოვნების ამ უნიკალური ნიმუშის ხილვა ნამდვილად დაუვიწყარი გამოცდილება იქნება.