ბახმაროდან მზის ჩასვლა განსაკუთრებით ლამაზია - მზის ჩასვლის გორიდან, რომელიც ასევე პარაპლანით ასაფრენი ადგილია.
მზის ჩასვლის გორა ბახმაროს ცენტრიდან 2.8 კილომეტრში, 2148 მ სიმაღლეზე მდებარეობს. ასაფრენ ადგილამდე მისვლა შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილით; იფრენ მთის სიახლოვეს, დასაჯდომი წერტილი კი ბახმაროს ცენტრში, გაშლილ მინდვრებზე ორგანიზებულ დასაფრენ ლოკაციაზეა.
საფრენი დრო 20-25 წუთი.
ბახმაროში პარაგლაიდინგი შესაძლებელია ზაფხულის პერიოდში.
ფრენისთვის აუცილებელია, რომ სხეულის წონა იყოს მინიმუმ 30 კგ და მაქსიმუმ 220 კგ.
აღნიშნულ ლოკაციაზე პარაგლაიდინგი ასევე ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
არასრულწლოვანს შეუძლია იფრინოს მხოლოდ მშობლების თანხმობით.
ფრენა რეკომენდებულია იმ პილოტთან ერთად, ვისზეც საქართველოს პარაგლაიდინგის სკოლის მიერ გაცემულია ტანდემ პილოტის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა.
პილოტის სავარძელი აღჭურვილია სათადარიგო პარაშუტით; ფრენისას პილოტსაც და მგზავრსაც ახურავს ჩაფხუტი, ასევე სასურველია მზის სათვალე. ზაფხულში უნდა გქონდეს მსუბუქი მოსაცმელი, ხოლო დანარჩენ სეზონზე აუცილებელია დათბილული ტანისამოსი. საჭიროების შემთხვევაში, პილოტები იზრუნებენ შენს ჩაცმულობაზე. ფეხზე აუცილებლად უნდა გეცვას დახურული სტილის, სპორტული ფეხსაცმელი.
შეგიძლია ფრენა გადაიღო GoPro კამერით, რასაც ასევე პილოტები უზრუნველყოფენ.
კვალიფიციურ პილოტთან ტანდემში ფრენის დაწყებამდე პილოტი ჩაგიტარებს ინსტრუქტაჟს ფრენის პროცესთან დაკავშირებით.