მარშრუტი ჟაბეშიდან იწყება, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემის სოფელია და მესტიიდან ავტომობილით შეგიძლია მისვლა.
ჟაბეში მდებარეობს მდინარე მულხრას ნაპირზე, ზღვის დონიდან 1680 მეტრ სიმაღლეზე.
ჟაბეშიდან გზა მთის პლატოზე ადის, ზღვის დონიდან 2400 მეტრ სიმაღლეზე და თეთნულდის სამთო სათხილამურო კურორტს გადაკვეთს. თეთნულდის სათხილამურო ტრასები ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელია – 9,5 კმ და აქვს ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნა – 1,7 კმ. თუ ექსტრემი გიყვარს, ზამთარში შეგიძლია, ძალები აქაც მოსინჯო.
აქედან დაახლოებით ოთხი კილომეტრია ჰადიშამდე, რომელიც ზღვის დონიდან 2 100 მეტრზე მდებარეობს.
ჰადიში მესტიის მუნიციპალიტეტის, იფარის თემის სოფელია, რომელიც მდინარე ენგურის შენაკადის ჰადიშჭალის ხეობაში ყველაზე ლამაზი და გამორჩეული დასახლებაა - მისი მთავარი ხიბლი ისაა, რომ სოფელი საერთოდ არ ჩანს, სანამ მის თავზე არ აღმოჩნდები. ასეთი მოულოდნელი, შოკური ეფექტი და ამ მომნუსხველი სანახაობისგან მიღებული ემოცია დიდხანს გაგყვება.
ჰადიში უძველესი სოფელია, სადაც X-XII საუკუნეების 3 ეკლესიას ნახავ. ჰადიშის ტაძრების კედლის მხატვრობა შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური ფერწერის, ე.წ. სვანური სკოლის მაგალითია.
ჰადიშში შეგიძლია, საოჯახო სასტუმროში დარჩე ან სოფლის განაპირას, წყალთან ახლოს დაბანაკდე. ადგილობრივები მესაქონლეობას მისდევენ და თუ სურვილი გექნება, უგემრიელეს რძის პროდუქტებსა და სვანური სამზარეულოს ტრადიციულ კერძებს დააგემოვნებ.