საირმის სვეტები საირმეში, რაჭის ადმინისტრაციული ცენტრიდან - ამბროლაურიდან 35 კმ-შია. იქიდან ტრანსპორტით უღელტეხილამდე მიხვალ და შემდეგ სპეციალურად გაკეთებულ საფეხმავლო ბილიკს შეუდგები.
ბილიკის სიგრძე დაახლოებით 3 კმ-ია. ის გადის მრავალფეროვან შერეულ ტყეში, რომელშიც მუქწიწვოვანი ნაძვი, ფიჭვი და სხვა ულამაზესი მცენარეები ხარობს.
გზად შეხვდები წმინდა გიორგის სახელობის უძველესი ეკლესიის ნანგრევებს. ამ სალოცავის ასაკი დღემდე დაუდგენელია.
საფეხმავლო ბილიკი მთავრდება მთის წვერზე, ზღვის დონიდან 680 მეტრ სიმაღლეზე. იქიდან საირმის სვეტებზე ულამაზესი ხედი იშლება, რომელიც ბუნების ამ საოცარი ძეგლის აღქმის სრულფასოვან შესაძლებლობას მოგცემს.
საირმის სვეტები ჭალის დაბალ ტერასაზე დგას. სვეტების მასივის სიგრძე 3 კილომეტრია, სიმაღლე - 30 მეტრი, დიამეტრი - 12 მეტრი.
მეცნიერულად დადგენილია, რომ საირმის სვეტების კლდოვანი მასივის წარმოქმნა ბუნებრივ მოვლენებს უკავშირდება.
სვეტები ათასწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა. ისინი პალეოგენური (ქვედა მესამეული) ასაკის ვულკანოგენური ქანებითაა აგებული.
საირმის უდაბნო და მისი სვეტები საქართველოს ბუნების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და შთამბეჭდავი ძეგლია.