KA
Samtsvera Waterfall – Beautiful Views for Great Shots

სამცვერას ჩანჩქერი

თუ ზაფხულის ცხელ დღეებში ქალაქის ხვატისგან თავის დაღწევა და დროის სიგრილეში გატარება გსურს, სამცვერას ჩანჩქერისკენ გეზი აუცილებლად უნდა აიღო.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
ზესტაფონი

რას ნახავ სამცვერას ჩანჩქერთან?

სამცვერას ჩანჩქერი სოფელ ზოვრეთის აღმოსავლეთით და სოფელ ქვედა საზანოს სამხრეთ-დასავლეთით, ზღვის დონიდან 170 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ის ქალაქ ზესტაფონიდან 15 კილომეტრშია, მდინარე ძუსის ხეობაში და მასთან ახლოს ასფალტიანი სამანქანო გზა გადის, ხოლო  უშუალოდ ჩანჩქერამდე 200-მეტრიანი საფეხმავლო ბილიკი მიგიყვანს. 

ჩანჩქერი მდინარე ძუსის ხეობაში ფარდისებურად ჩამოედინება. მდორედ მომავალ კამკამა მდინარეში ბანაობაც შეგიძლია და ირგვლივ ლამაზი კადრების აღბეჭდვაც. 

მდინარეს ორივე მხარეს ტყე აკრავს, რაც მყუდრო და სასიამოვნო გარემოს ქმნის. ჩანჩქერის სათავესთან ხელოვნური ჯებირია მოწყობილი. იქიდან მშვენიერი ხედები იშლება. 

სამცვერას ჩანჩქერი დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია. მისგან სულ რამდენიმე ათეული კილომეტრის მოშორებით ბუნების სხვა საოცრებების - კინჩხის ჩანჩქერის, პრომეთეს მღვიმისა და ოკაცეს კანიონის მონახულებაც შეგიძლია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა