ილიას ბაღი აღმაშენებლის გამზირზე, გერმანელთა ყოფილი უბნის შუაში მდებარეობს. თავდაპირველად აქ იყო ფართო მწვანე მინდვრები, მოკირწყლული ბილიკები, მყუდრო ფანჩატურები და დეკორატიული აუზები. მოგვიანებით, დაემატა სპეციალურად ბავშვებისთვის განკუთვნილი მოედანი ატრაქციონებით, სასრიალოებით და საქანელებით. მოედნის ახლოს განთავსდა დიდი სკამები, სადაც მშობლებს შეუძლიათ შვილებს თვალი ადევნონ. ბაღში ასევე არის ღია კინოთეატრი, რომელიც თბილ თვეებში (აპრილიდან ოქტომბრამდე) კინოჩვენებებს ატარებს. სპორტის მოყვარულებისთვის მოწყობილია პროფესიონალური ინვენტარით აღჭურვილი მაგიდის ჩოგბურთის დარბაზი, სადაც ინსტრუქტორის დახმარების მიღებაც და თამაშიც შესაძლებელია.
დღეს ბაღი კერძო საკუთრებაშია. მმართველი კომპანიის ხელშეწყობით, XIX საუკუნეში აგებულ როტონდას სტილის შენობაში ჩატარდა სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები და მოეწყო მულტიფუნქციური დარბაზი "გარდენ ჰოლი," სადაც რეგულარულად იმართება კულტურული ღონისძიებები, კონფერენციები, გამოფენები და საჯარო შეკრებები.
აღმაშენებლის გამზირის და ილიას ბაღის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული გერმანელ ემიგრანტებთან. გერმანელი კოლონისტები საქართველოში XIX საუკუნის მეორე ნახევარში დასახლდნენ. ცნობილია, რომ დასახლების ცენტრში მალე გაშენდა ბაღი, რომელსაც "ფანტაზია" ერქვა. ბაღი გერმანული ლანდშაფტური დიზაინის პრინციპებით შეიქმნა – გეომეტრიული ბილიკებით და სიმეტრიული მწვანე ზონებით.
XX საუკუნის დასაწყისში ბაღმა სახელი შეიცვალა. ამ პერიოდში იქ ვარდების მრავალფეროვანი კოლექცია გააშენეს და მას "ვარდების ბაღი" უწოდეს. ეს ადგილი მალე თბილისის საზოგადოების თავშეყრის პოპულარულ სივრცედ იქცა. 1926 წელს როტონდას სტილის ნაგებობა აშენდა, რომელიც სავარაუდოდ ღია კინოთეატრად იყო განკუთვნილი. მისი ზუსტი დანიშნულება უცნობია, თუმცა ეს ნაგებობა დღემდე ბაღის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა.
საბჭოთა პერიოდში ბაღს სახელი ისევ შეუცვალეს და ილია ჭავჭავაძის პატივსაცემად "ილიას ბაღი" უწოდეს. ამავე დროს, ბაღი უფრო ხშირად გამოიყენებოდა კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად. აქ იმართებოდა პოეზიის საღამოები, მუსიკალური კონცერტები და სხვადასხვა შეხვედრები.
2011 წელს ბაღის მართვა 49 წლით გადაეცა კერძო კომპანიას, რომ ბაღი აღედგინათ და მისთვის ძველი კულტურული როლი დაებრუნებინათ. თუმცა, მოვლის უკმარისობის გამო, წლების განმავლობაში ბაღის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. 2023 წლის ბოლოს თბილისის მერიამ დაიწყო მოლაპარაკებები, რათა მოეთხოვათ ბაღის მოვლის სტანდარტების გაუმჯობესება.
ამჟამად ბაღში მასშტაბური განახლება მიმდინარეობს, რაც მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ისე ისტორიული ელემენტების აღდგენას. დაგეგმილია საბავშვო ინფრასქტუქტურის მოწყობა, ახალი განათებების დაყენება და გამწვანება.
ბაღამდე მისასვლელად ყველაზე მოსახერხებელი გზა მეტროა. შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ სადგურ „მარჯანიშვილზე“ და შემდეგ მარცხნივ ჩაუყვეთ აღმაშენებლის გამზირს. ფეხით ილიას ბაღამდე მისვლა დაახლოებით 7-10 წუთს წაგართმევთ.
თუ ავტობუსით წასვლა გირჩევნიათ, ბაღთან ყველაზე ახლოს 300, 320, 359 და 391 ნომერი ავტობუსები მიდის. თუ ზაარბრიუკენის მოედნიდან მოდიხართ, უნდა ჩამოხვიდეთ კიევის ქუჩის გაჩერებაზე და გზა ფეხით გააგრძელოთ. მარჯანიშვილის ქუჩის მხრიდან კი სანქტ-პეტერბურგის ქუჩის გაჩერებაზე ჩამოდით. ორივე გაჩერებიდან ბაღის შესასვლელამდე ფეხით დაახლოებით 5 წუთია
ჩუღურეთის უბანი, სადაც ილიას ბაღი მდებარეობს, ცნობილია კულტურული მემკვიდრეობით და XIX საუკუნის არქიტექტურით, რომელიც ყოველწლიურად ათასობით სტუმარს იზიდავს. მათ შორის აღსანიშნავია:
პეტრე და პავლე მოციქულთა ეკლესია – კათოლიკური ეკლესია, რომელიც 1870-1877 წლებში ქველმოქმედი კონსტანტინე ზუბალაშვილის ინიციტივით არქიტექტორმა ალბერტ ზალცმანმა ააშენა. ეკლესია ბაროკოს სტილის გამორჩეული ნიმუშია და გამოირჩევა ორი კოშკითა და ნახევარსფერული გუმბათით. 1999 წელს რომის პაპმა იოანე პავლე II-მ აქ წირვა აღავლინა. ილიას ბაღიდან ეკლესიამდე ფეხით 10 წუთზე ნაკლებია.
მარჯანიშვილის თეატრი – თბილისის ერთ-ერთი ცნობილი თეატრი, რომელიც 1902-1907 წლებში აშენდა და თავდაპირველად „ძმები ზუბალაშვილების სახალხო სახლი“ ერქვა. 1930 წელს აქ გადმოვიდა კოტე მარჯანიშვილის თეატრი, რომელიც მანამდე ქუთაისში მოღვაწეობდა. თეატრი გამოირჩევა ტალღოვანი ფრონტონითა და სიმბოლური ორნამენტებით. ილიას ბაღიდან თეატრამდე მისასვლელად დაახლოებით 10 წუთია.
გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი – აქ ცხოვრობდა ცნობილი პოეტი გალაკტიონ ტაბიძე 1935-1959 წლებში. მუზეუმი პირველად 1999 წელს გაიხსნა და 2019-2020 წლებში განახლდა. მუზეუმი ინახავს პოეტის პირად ნივთებს, ფოტომასალას და ხელნაწერებს. მუზეუმი მარჯანიშვილის თეატრის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს.
ხელოვნების სასახლე – გოთიკური და ისლამური არქიტექტურის ელემენტებზე აგებული შენობა 1895 წელს არქიტექტორმა პოლ შტერნმა ააშენა და მას ზოგჯერ „სიყვარულის სასახლესაც“ უწოდებენ. ამ სახელწოდების უკან დგას გერმანელი პრინცი, კონსტანტინე ოლდენბურგის და მისი ქართველი სატრფო, აგრაფინა ჯაფარიძის სიყვარულის ისტორია. ხელოვნების სასახლეში არის 8 მუდმივი და 2 დროებითი საგამოფენო დარბაზი, რომლებიც 70,000-ზე მეტ ექსპონატს მოიცავს. ილიას ბაღიდან სასახლემდე მისასვლელად დაახლოებით 15-20 წუთია საჭირო.