KA
The Funicular

ფუნიკულიორი

თბილისის ფუნიკულიორი ევროპაში ერთ-ერთი ულამაზესი და უძველესი მოქმედი სამთო-საბაგირო რკინიგზაა, რომელიც 1905 წელს გაიხსნა და დღესაც ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია.
რეგიონი
თბილისი
რეგიონი
თბილისი

ფუნიკულიორის ისტორია

1900 წელს ქალაქის მთავრობამ მთაწმინდის პლატოზე „ზედა თბილისის“ განაშენიანების გეგმა წარმოადგინა. თბილისის ტრამვაის ქსელის მფლობელი ბელგიური კომპანიის ინჟინრის ალფონს რობის ინიციატივით, ახალი უბანი „ქვედა თბილისს“ სამთო ტრამვაით – ფუნიკულიორით უნდა დაკავშირებოდა. მშენებლობა 1903 წელს დაიწყო. მასში მონაწილეობდნენ ქართველი, ბელგიელი, ფრანგი და იტალიელი  სპეციალისტები.

ფუნიკულიორი 1905 წლის 27 მარტს გაიხსნა. ამ ფაქტს  დიდი ფერწერული ტილოც მიუძღვნა გენიალურმა ქართველმა მხატვარმა ნიკო ფიროსმანმა. 

ფუნიკულიორს რეკონსტრუქცია სამჯერ ჩაუტარდა, უკანასკნელად - 2012 წელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლებაზე ავსტრიულ-შვეიცარიულმა კომპანიამ „Doppelmayr Garaventa Group“-მა იმუშავა. 

რა უნდა იცოდე თბილისის ფუნიკულიორზე?

ფუნიკულიორის გზის სიგრძე 501 მეტრია. ამ მანძილს კი ტრამვაი 5 წუთში გადის და თბილისის უმაღლეს წერტილში, ზღვის დონიდან 727 მ სიმაღლეზე აჰყავხარ. 

ფუნიკულიორის ქვედა სადგური ჭონქაძის ქუჩა №22-ში მდებარეობს - ეს ზღვის დონიდან 460 მეტრია. სადგურის შთამბეჭდავი, გუმბათებიანი შენობა თავდაპირველი სახითაა აღდგენილი; 

რკინიგზის შუა ნაწილზე ბაქანია, სადაც ზემოდან და ქვემოდან მიმავალი ვაგონები ერთმანეთს გვერდს უვლის. აქ თუ ჩამოხვალ, „მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს“  ნახავ, ასევე მამადავითის ეკლესიას - XIX საუკუნის ძეგლს. მისი ტერასიდან თბილისის საოცარი პანორამა იშლება. 

ხედი თბილისის ფუნიკულიორიდან

თბილისის ფუნიკულიორის ზედა სადგურიდან ყველაზე გასაოცარი და გამორჩეული გადასახედია ქალაქზე - ირგვლივ სიმწვანეა, მოწყობილია დასასვენებელი სივრცეები, მუშაობს რესტორნები და კაფეები, ბავშვებისთვის კი ატრაქციონების დიდი პარკია გახსნილი.

ფუნიკულიორი ყველა სეზონზე ყოველდღე ღიაა, თუმცა განსაკუთრებული ხალხმრავლობა აქ ზაფხულის დღეებშია, როცა ქა­ლაქ­თან შე­და­რე­ბით საგრძნობლად გრი­ლა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა