KA

სასვანოს ტბები

როდესაც რაჭაში მოხვდები, შეიძლება თავი ზღაპარში გეგონოს, რადგან აქაური ბუნების სილამაზე რეალობას ნამდვილად სცდება - უნიკალური მცენარეები, გასაოცარი ხედები და შთაბეჭდილებები, რომლებიც არასოდეს დაგავიწყდება. სწორედ ამ მხარეში მდებარეობს სასვანო ტბები - სანახაობა, რომელიც არ უნდა გამოტოვო.
რეგიონი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ქალაქი
ონი

სასვანო ტბების უნიკალურობა

ორი ულამაზესი ტბა რიონის ხეობაში, ზღვის დონიდან 2680 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და ერთმანეთისგან დაახლოებით 400 მეტრითაა დაშორებული. ერთ-ერთ ტბას გულის ფორმა აქვს, რაც განსაკუთრებულ სანახაობად მიიჩნევა. 

ტბის ერთი ნაპირი ხშირად ძველი თოვლითაა დაფარული, რაც იქ ასულ ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, შუა ზაფხულში დათოვლილი მთიდან პირდაპირ ტბაში ჩასრიალდეს. ეს გასართობი კი უამრავი ვიზიტორის საყვარელი თავშესაქცევია. გარდა ამისა, ამ ადგილას გასაოცარ ხედებსაც გადააწყდები და ტბების გარშემო გაშლილი პეიზაჟები ნამდვილად გაგაოცებს.

როგორ მოხვდე სასვანო ტბებთან?

იმისთვის, რომ ტბებთან მარტივად მიხვიდე, ჯერ ონის რაიონის სოფელ თევრეშოს უნდა ეწვიო. ამ სოფლიდან ტბებს მხოლოდ 4 კმ გაშორებს. თევრეშოდან გზას რიონის მარჯვენა სანაპიროზე მდინარის ხეობაში გაჰყავხარ. იქ, სადაც რიონს ლუხუნის რუ კვეთს, მათ შორის მდებარე ქედზე გადახვალ. აქედან კი ტბები უკვე საკმაოდ ახლოსაა. 

აღსანიშნავია, რომ ხშირად ტურისტები ტბებთან ბანაკდებიან და ვაციწვერის უღელტეხილზე ადიან, რათა იქიდან მყინვარი და რიონის სათავე დაინახონ. თუკი მსგავსი გამოცდილების მიღება გსურს, შეგიძლია აღნიშნული მარშრუტი გაიმეორო და შენი მოგზაურობა კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადო.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა