KA

სვანეთის პარაგლაიდინგი

სვანეთი უძველესი კულტურის მქონე მხარეა, რომელიც მრავალრიცხოვანი ისტორიული ძეგლებით, სახასიათო ფრესკული ნიმუშებით, წეს-ჩვეულებებითა და მრავალფეროვანი, შთამბეჭდავი ბუნებით გამოირჩევა. უკვე დიდი ხანია, რაც ის მოგზაურების, დამსვენებლებისა თუ სამთო სპორტის მოყვარულების ყურადღებას იპყრობს. ერთ-ერთი ძალიან გამორჩეული და საინტერესო გზა სვანეთის შესაცნობად პარაგლაიდინგია, რომლისთვისაც 5 ბაზა არსებობს - ჯვარი, ჰაწვალი, თეთნულდი, ბეჩო და ლატალი. ხუთივე მათგანი შესწავლილია პროფესიონალების მიერ და თითოეულს თავისი ხიბლი აქვს.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი

ჯვარი

ჯვარამდე მესტიის ცენტრიდან 7 კილომეტრია. ასაფრენ წერტილამდე გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე მაღალი გამავლობის ავტომობილით მიხვალ, ხოლო ზამთარში - თოვლმავლით. 

ასაფრენი მთა ზღვის დონიდან 2 296 მეტრის სიმაღლეზეა. კარგ ამინდში 4000-5000 მეტრზეც შეგიძლია აფრინდე, მწვერვალ უშბას მიუახლოვდე, ბანგურიანის მწვერვალისკენ გადაფრინდე და ახლოს მდებარე რომელიმე სოფელშიც ჩაფრინდე.

ყველაზე პოპულარული მესტიის თავზე ფრენაა, რადგან ამ დროს მესტიისა და კავკასიონის მწვერვალების ჯადოსნური ხედებით დატკბები.

ფრენა მესტიაში სრულდება, გაშლილ მინდორზე, ცენტრიდან 5 წუთის სავალ გზაზე, ხოლო ფრენის ხანგრძლივობა 15-40 წუთია.

ჰაწვალი

ჰაწვალამდე მესტიის ცენტრიდან 8 კილომეტრია. ამ ადგილამდე სამანქანო გზაც ადის და კურორტ ჰაწვალის 6-ადგილიანი საბაგიროც.

ჰაწვალი ზამთრის სეზონზე საფრენი ადგილია. საწყისი წერტილი 2330 მეტრზე, კურორტ ჰაწვალის ბოლო საბაგიროსთან მდებარეობს - ზურულდის ქედზე. ფრენის დასრულება კი შესაძლებელია როგორც მესტიაში, ისე ჰაწვალშივე, რაც დამოკიდებულია სტუმრის სურვილსა და ამინდზე. 

ფრენის ხანგრძლივობა 7-დან 20 წუთამდეა. 

თეთნულდი

თეთნულდამდე მესტიის ცენტრიდან 15 კილომეტრია და ისიც ზამთრის სეზონზე საფრენი ადგილია. 

ასაფრენ წერტილამდე თეთნულდის საბაგიროთი ადიხარ და 3 160 მეტრის სიმაღლეზე, ფაქტობრივად, მწვერვალ თეთნულდის ძირში აღმოჩნდები. სიმაღლის აკრეფა შესაძლებელია 4000 მეტრამდე. თეთნულდზე ფრენის ხიბლი კავკასიონის 360°-იანი პანორამული ხედია.

ფრენა თეთნულდის პირველ საბაგიროსთან სრულდება, ხოლო ფრენის ხანგრძლივობა 15-40 წუთია.

ბეჩო

ბეჩომდე მესტიიდან 18 კილომეტრია და მწვერვალ უშბის ძირში მდებარეობს. აქ რამდენიმე ასაფრენი წერტილია და ნებისმიერთან 2-3-კილომეტრიანი საცალფეხო ბილიკი მიდის. აფრენა იწყება 2 100 მეტრის სიმაღლეზე და შესაძლებელია 3000-4000 მეტრამდე ასვლაც. ეს ადგილი განსაკუთრებით hike and fly-ს მოყვარულებს მოსწონთ.

ფრენა სოფლის სამანქანო გზის ბოლოს სრულდება და ფრენის ხანგრძლივობა 10-30 წუთია.

ლატალი

ლატალამდე მესტიის ცენტრიდან 8 კილომეტრია. სოფლიდან საფეხმავლო ბილიკები რამდენიმე ასაფრენ წერტილამდე ადის, ხოლო ასაფრენი სიმაღლე 1700-1800 მეტრია. აქ ლატალის თავზე იფრენ და დასაფრენი წერტილიც სოფელშივე დაგხვდება. ეს ადგილიც საუკეთესოა hike and fly-სთვის.  ფრენის ხანგრძლივობა  15-30 წუთია. 

ვის შეუძლია ფრენა?

ფრენისთვის აუცილებელია, რომ სხეულის წონა იყოს მინიმუმ 30 კგ და მაქსიმუმ 220 კგ.

არასრულწლოვანს შეუძლია იფრინოს მხლოდ მშობლების თანხმობით.

უსაფრთხოება

ფრენა რეკომენდებულია იმ პილოტთან ერთად, ვისზეც საქართველოს პარაგლაიდინგის სკოლის მიერ გაცემულია ტანდემ-პილოტის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა.

პილოტის სავარძელი აღჭურვილია სათადარიგო პარაშუტით; ფრენისას პილოტსაც და მგზავრსაც ახურავს ჩაფხუტი, ასევე სასურველია მზის სათვალე. ზაფხულში უნდ გქონდეთ მსუბუქი მოსაცმელი, ხოლო დანარჩენ სეზონზე აუცილებელია დათბილული ტანისამოსი. საიროების შე,მთხვევაში, პილოტები იზრუნებენ თქვენს ჩაცმულობაზე. ფეხზე აუცილებლად უნდა გეცვას დახურული სტილის, სპორტული ფეხსაცმელი.

შეგიძლიათ ფრენა  გადაიღოთ GoPro კამერით, რასაც ასევე პილოტები უზრუნველყოფენ.

კვალიფიციურ პილოტთან ტანდემში ფრენის დაწყებამდე პილოტი ჩაგიტარებს ინსტრუქტაჟს ფრენის პროცესთან დაკავშირებით.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა