3 ჰექტარზე შუა საუკუნეების მეგრული კარ-მიდამოა გადაშლილი, სადაც ყოველი ნივთი სამეგრელოს ყოფით კულტურასა და ტრადიციებზე გიამბობს. ამ ეზოში ქრონოლოგიურად, განვითარების ეტაპების მიხედვით არის წარმოდგენილია ყველა ტიპის საცხოვრისი და დამხმარე ნაგებობა.
მეგრული ტრადიციები ჭიშკრის შეღებიდანვე იწყება - აქ ეთნოსოფლის მასპინძლები შეგეგებებიან და მეგრულ ხილის არაყს - დირფას შემოგთავაზებენ. შენ კი მასპინძლები უნდა დალოცო, არყის ჭიქა დაცალო და იქვე დაკიდებულ ცხენის თავის ქალაზე სამჯერ დააკაკუნო.
ამ სივრცეში ყველაფერია, რაც წარსულში საშუალო ფენის მეგრული ოჯახის ყოფა-ცხოვრებაში არსებობდა. აქ ნახავ მიწაში ჭურების შესანახ ადგილს - ოხვამერს, მორებისგან ულურსმნოდ ნაგებ შენობას, რომელსაც ადრე თუთას ღვთაების სალოცავის ფუნქცია ჰქონდა.
საშუალება გექნება, „სისა ტურას“ ულამაზეს ხელოვნურ ტბაში ნავით გაისეირნო, ითევზაო, წყლის წისქვილში სიმინდი დაფქვა, კულინარიულ ტრადიციებს გაეცნო, ვახშამზე ეკოლოგიური პროდუქტებით მომზადებული კერძები მიირთვა და მეგრულ ფოლკლორს მოუსმინო.
როცა მასპინძლებთან დამშვიდობების დრო მოვა და ზურგს უკან ჭიშკარს გამოიხურავ, აქ მიღებული ემოციები დიდხანს გაგყვება და იქნებ, რომელიმე ტრადიცია შენი ცხოვრების ნაწილიც კი გახდეს.