KA
2024-11-08T18:24:09.000000Z
კერძები, რომლებიც საქართველოში აუცილებლად უნდა დააგემოვნო

კერძები, რომლებიც საქართველოში აუცილებლად უნდა დააგემოვნო

საქართველო ერთი დიდი გაშლილი სუფრაა თავისი წეს-ჩვეულებებით, ცეკვა-სიმღერით, თამადობის მრავალსაუკუნოვანი ინსტიტუტით, ესთეტიკითა და, რაღა თქმა უნდა, კერძებით. ქართველს უმდიდრესი გასტრონომიული ფანტაზია აქვს, სხვა კულტურებიდან შემოტანილ კერძებსაც კი იშვიათად იმეორებს, უფრო - ინტერპრეტაციას ეძებს და სუფრაზე მოქართულებულ ვერსიებს დებს. აქვს საკუთრივ ქართული რეცეპტების დიდი არჩევანი, რომელიც სათავეს შორეულ წარსულში იღებს. ამიტომაა ქართული სამზარეულო მდიდარი და მრავალფეროვანი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, მის ყველა კუთხეს თავისი გამორჩეული კერძი აქვს. სწორედ მათ შესახებ მოგიყვები, კერძებზე, რომლებიც საქართველოში სტუმრობისას აუცილებლად უნდა გასინჯო.
სარჩევი

ბორანო 

ბორანო აჭარაში ყველაზე გავრცელებული და ადვილად მოსამზადებელი კერძია. ესაა კარგად გამდნარ კარაქში (როგორც აჭარლები ამბობენ, დამწვარ იაღში) ჩაწყობილი დაჭრილი და წინასწარ მდუღარე წყალში გამოყვანილი ჩეჩილი ყველი. მას ათქვეფილ კვერცხს ასხამენ და რამდენიმე წუთი ცეცხლზე გააჩერებენ. ზოგი იაღში წინასწარ მოხარშულ და დაჭრილ კარტოფილსაც აწყობს. ასეთ შემთხვევაში, კერძს კარტოფილის ბორანოს ეძახიან. ბორანო მსუყე, კალორიებით მდიდარი კერძია და გვიან არ უნდა მიირთვა.

საცივი  

ტრადიციული რეცეპტით მომზადებული საცივი გურიაში უნდა გასინჯო, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას საქართველოს სხვა რეგიონში ვერ იპოვი. გაითვალისწინე, რომ ეს კერძი, როგორც წესი, ახალ წელს კეთდება. საცივი ინდაურის (ან ქათმის) ხორცით, ნიგვზითა და სანელებლებით, ფრინველის ბულიონზე განსაკუთრებული წესით მომზადებული უგემრიელესი კერძია, რომელსაც ღომთან ერთად მიირთმევენ.

წიწილა ისრიმ-მაყვალში  

ესაა იმერული ტრადიციული კერძი და სხვაგან ვერსად შეხვდები. ნახევრად მწიფე დაჭყლეტილი ყურძნითა (ისრიმი) და მაყვლით მომზადებული საწებლის არომატი შემწვარ წიწილას საუცხოო გემოს სძენს. კერძი ძირითადად კეცზე კეთდება და ვიზუალურადაც ეგზოტიკურად გამოიყურება. რადგან ისრიმი სეზონურია, შესაძლოა, წიწილა მხოლოდ მაყვლის საწებლითაც შემოგთავაზონ. 

გებჟალია 

გებჟალია მეგრული კერძი

ეს მეგრული სამზარეულოს ნამდვილი მარგალიტია. მარგალიტივით თეთრი და ქათქათა, გაბრტყელებული და სპეციალური წესით დახვეული ყველი, შენელებული გებჟალიის აჯიკით, მწვანე პიტნით დაწინწკლულ და რძით მომზადებულ წვენშია ჩალაგებული. „გებჟალია“ მეგრული სიტყვაა და სწორედ რძეში ჩადებულს ნიშნავს. ის უძველესი, საკრალური კერძია და რიტუალურ სუფრებზე გამოიყენებოდა, რომელსაც აუცილებლად თან ახლავს ცხელი ღომი.

მეგრული ხარჩო და ღომი 

მეგრული ხარჩო და ღომი

ეს ნამდვილი ეგზოტიკაა - ნიგვზით, ძმრითა და სპეციალურად ამ კერძისთვის შექმნილი მეგრული აჯიკით მომზადებული საქონლის მოხრაკული ხორცი. როგორც წესი, ეს კერძი ძალიან ცხარეა და ამ სიცხარის გასანეიტრალებლად მას აუცილებლად ღომთან ერთად მოგართმევენ. ღომი სიმინდის ფქვილისგან მომზადებული კერძია, რომელიც ხარჩოს სიცხარეს დააბალანსებს.

აფხაზურა 

აფხაზურას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ამზადებენ. ესაა ბადექონში გადახვეული და ნივრით, ბროწეულითა და საკმაზებით შესუნელებული გატარებული ხორცის გუნდები. „აფხაზურ“ გემოს ერთი განსხვავებული ინგრედიენტითაც გამოარჩევ - ესაა შებოლილი წიწაკის  ან შებოლილი აჯიკის არომატი. „აფხაზურა“ იწვება ცხიმში და სუფრასთან ცხელი მიაქვთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვითა და ბროწეულის მარცვლებით. 

ჩაქაფული

ჩაქაფული ქართული კერძი

ნამდვილ ჩაქაფულს კახეთში დააგემოვნებ. ესაა ბატკნის ან ხბოს ხორცით მომზადებული  ცხელი კერძი, რომელსაც ძირითადად გაზაფხულზე აკეთებენ. ამ დროს მას განსაკუთრებული არომატი აქვს - ქორფა ტარხუნის, ოხრახუშის, ახალი ნივრის, ხახვის, ქინძის, კამის, წიწაკისა და ახალი ტყემლის წყალობით. კერძის მომზადებაში ქვევრის თეთრი ღვინოც მონაწილეობს და უგემრიელეს თონის „დედას პურთან“ ერთად გეახლებიან.

ღოლოს შეჭამანდი 

ეს ქართლის სავიზიტო ბარათია. ზოგადად ქართლს ბადალი არ ჰყავს წვნიანი კერძების მომზადებაში. ღოლოს ფოთლებით, გატარებული ნიგვზით, მცენარეული ცხიმით, ცოტაოდენი მწვანილითა  და პურის ფქვილით მომზადებული ცხელი წვნიანი განსაკუთრებით სასიამოვნო ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვისაა.

შქმერული

შქმერული ქართული ტრადიციული კერძი

შქმერი რაჭის ულამაზესი სოფელია. ეს კერძიც, როგორც ამბობენ, ოდესღაც შქმერში დაიბადა და სახელიც აქედან გაჩნდა. ესაა წიწაკითა და მარილით შენელებული, დაჭყლეტილი ნივრისა და რძის წვენში ჩალაგებული შემწვარი ქათმის ხორცი. აღფრთოვანებულმა იაპონელებმა რეცეპტი თავიანთ ქვეყანაში წაიღეს და იაპონურ რესტორნებში დაიწყეს ამ ქართული კერძის მომზადება.

მთიულური ხინკალი

მთიულური ხინკალი

საქართველოს მთიანეთში: ხევსურეთში, ხევში, ფშავში, თუშეთში - სადაც უნდა მოხვდე, გახსოვდეს, რომ ხინკალი უკონკურენტოა. იქ მას უგემრიელესად ამზადებენ. მთის ქონდარია ის სანელებელი, რომელიც ხინკალს განსაკუთრებულ გემოს აძლევს. ესაა გაბრტყელებულ ცომის ფირფიტებში ნაოჭებით მოხვეული ხორცის შეკმაზული ფარში, რომელიც მარილწყალში იხარშება. 

აპოხტი

აპოხტი დამარილებული და გამომშრალი ხორცია, რომელიც მესხეთის სოფლებში ზამთრისათვის თითქმის ყველა ოჯახი მზადდება. აპოხტი შეიძლება იყოს ღორის ხორცისა და ფრინველის, მაგრამ აქ ბატის აპოხტი და მისგან დამზადებული ხინკალი ყველაზე პოპულარული კერძია. ის ცომის მომზადების წესით, ფორმითა და შიგთავსითაც სრულიად განსხვავდება ჩვეულებრივი ხინკლისაგან და, თუ ერთხელ მაინც მოხვდები ამ დიდებულ მხარეში, აუცილებლად უნდა გასინჯო. 

ხაჭაპური

ხაჭაპური კერძი რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო

საქართველოში ხაჭაპურის მომზადების ტრადიცია არამატერიალური კულტურული ძეგლების ნუსხაშია შეტანილი. აქ ყველა რეგიონს ხაჭაპურის საკუთარი ვარიაცია აქვს და სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან შეგიძლია დააგემოვნო ხაჭაპური - ქართული სამზარეულოს გვირგვინი. ყველაზე გავრცელებული იმერული ხაჭაპურია, ყველაზე პოპულარული კი - ნავის ფორმის  აჭარული ხაჭაპური. გამორჩეულია მესხური ფენოვანი ხაჭაპური. მოკლედ, საქართველოს რომელ მხარეშიც მოხვდები, ხაჭაპური ყველგან დააგემოვნე.     

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა