KA

სკიტური ბახმაროში - მზის ჩასვლის გორაზე

ბახმარო ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარე კლიმატური კურორტია. სკიტურის მოყვარულებისთვის ის საინტერესოა იმითაც, რომ აქ რამდენიმე მარშრუტის გამოცდაა შესაძლებელი. სამხრეთ-დასავლეთით ბახმაროს დაჰყურებს საქასრიის ქედი, პატარა ბახმაროს მწვერვალით, რომელსაც ,,მზის ჩასვლის“ გორას უწოდებენ. ეს მარშრუტი განსაკუთრებით საინტერესოა.
რეგიონი
გურია
სოფელი
ბახმარო

ძირითადი მონაცემები 

მთლიანი დრო - 1-2 საათი

ასვლის ვერტიკალი - 220 მეტრი

პერიოდი - 1 დეკემბრიდან - თებერვლის ბოლომდე

მარშრუტი  

სავალი მარშრუტი იწყება ბახმაროს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1928 მეტრზე, მზის ჩასვლის გორისკენ, რომელიც 2,8 კილომეტრში, ზღვის დონიდან 2 148 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მთისკენ გზა ბუხნარის ქუჩას მიუყვება, ტყეში, ბახმაროს ძველ ნაწილში გადის და შემდეგ მთაზე ადის. დაშვება აღმოსავლეთ ფერდზე ხორციელდება და ისევ ბახმაროში ჩადის. ამისთვის საკმარისია 40-50 წუთი.   

სასურველია, მთის წვერზე ყოფნა მზის ჩასვლას დაამთხვიო - კარგი ამინდის დროს აქ პირდაპირ ჩანს შავ ზღვაში ჩამავალი მზე. ზამთარში ეს სანახაობა კიდევ უფრო შთამბეჭდავია.

უსაფრთხოება

მარშრუტზე აუცილებელია გახლდეს სერტიფიცირებული გიდი, რომელიც სრიალისთვის ფერდის მზაობას განსაზღვრავს, აღჭურვილობას შეგიმოწმებს და დაშვების ტრაექტორიის შესახებ ინსტრუქტაჟს ჩაგიტარებს. 

როგორც ბახმაროს სხვა მარშრუტებზე, მზის ჩასვლის გორის მარშრუტზეც აუცილებელია თან იქონიო ბიპერი და სხვა აუცილებელი აღჭურვილობა სკიტურისთვის. 

იმ შემთხვევაში, თუკი ეკიპირებაში დანაკლისი გაქვს, მაგალითად, საზვავო ან სათხილამურო აღჭურვილობაში, შეგიძლია  ბახმაროს პიონერებში ისეთი ნივთები იქირაო, როგორებიცაა: ჯიპიესი, ბიპერი, ქამუსი, ნიჩაბი, ზონდი.

ღამის თევა

აღნიშნული მარშრუტის შესასრულებლად აუცილებლად დაგჭირდება ღამის ბახმაროში გათენება. აქ შეგიძლია ხის კოტეჯი იქირაო. გაითვალისწინე, რომ საცხოვრებლები ძირითადად შეშის ღუმლით თბება. დიდთოვლობის გამო, წყლის მომარაგება მხოლოდ რეზერვუარებიდანაა შესაძლებელი. ზამთრის სეზონზე სოფელი დაცლილია მოსახლეობისგან, შესაბამისად, არ ფუნქციონირებს მარკეტები, ამიტომ საკვები, სასმელი და ნებისმიერი საჭირო ნივთი წინასწარ უნდა მოიმარაგო.

ბახმაროში ზამთრის განმავლობაში საშუალო ტემპერატურა + 14 გრადუსია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა