KA

სკიტური გუდაურში: ბიდარას მთა

ბიდარის მარშრუტზე წასვლა, ისევე, როგორც სკიტურის სხვა მარშრუტებზე, მხოლოდ გაუკვალავ თოვლში გამოცდილი მოთხილამურეებისთვისაა რეკომენდებული. აუცილებელი რეკომენდაციაა მარშრუტზე სერტიფიცირებულ გამყოლთან ერთად გასვლა.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
სოფელი
გუდაური

საწყისი სიმაღლე - ზღვის დონიდან 2900 მეტრი

უმაღლესი წერტილი - ზღვის დონიდან 3174 მეტრი 

ვერტიკალი - +135 მეტრი

ადგილმდებარეობა

მთა ბიდარა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კურორტ გუდაურის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. ბიდარას ორი მწვერვალი აქვს: დიდი ბიდარა - ზღვის დონიდან 3174 მეტრი და პატარა ბიდარა - ზღვის დონიდან 3011 მეტრი. მწვერვალი ალპური მინდვრებისა და კლდოვანი ქედისგან შედგება. ბიდარის აღმოსავლეთი ფერდი გუდაურის სათხილამურო ტერიტორიას დაჰყურებს, ხოლო დასავლეთი ექსპოზიცია - საქართველოს სამხედრო გზას. დიდი ბიდარის აღმოსავლეთ ქედიდან გადადის სათხილამურო საბაგირო სოფელ კობში.

მარშრუტი

მარშრუტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე იწყება. საბაგიროს გამოყენებით 2900 მეტრ სიმაღლეზე, კობის გადასასვლელთან ავდივართ, საიდანაც ვიწყებთ სკიტურს. ასავლელი ვერტიკალი 135 მეტრია. დავდგებით ბიდარის ქედზე, საიდანაც გვაქვს დასრიალების რამდენიმე ვარიანტი. 

შეგვიძლია დავსრიალდეთ როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ფერდზე. აღმოსავლეთ ფერდზე დასრიალების შემთხვევაში, გუდაურის საბაგიროებთან მოვხვდებით, ხოლო დასავლეთ ფერდზე დასრიალების შემთხვევაში - საქართველოს სამხედრო გზაზე, სადაც ავტომობილი უნდა გველოდებოდეს. 

სურვილის შემთხვევაში, სრიალი შეგვიძლია ზღვის დონიდან 2700 მეტრი სიმაღლიდან დავიწყოთ და პატარა ბიდარის ქედის გავლით მთავარ წერტილთან მოვხვდეთ. ყველაფერი თოვლის კონდიციაზეა დამოკიდებული, რომელიც წინასწარ უნდა შეაფასოს სერტიფიცირებულმა გამყოლმა. 

მარშრუტზე სრიალი შესაძლებელია იანვრიდან აპრილის ბოლომდე. 

რა უნდა გაითვალისწინო

მარშრუტის სასტარტო ადგილამდე მისვლა შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილით.

აუცილებელი აღჭურვილობაა: სკიტურის თხილამურები, საზვავო უსაფრთხოების ჩანთა, საზვავო გადამცემი, ნიჩაბი, ზონდი და სხვა საჭირო ნივთები.

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე არსებულ საბაგიროებზე ერთიანი აბონემენტების სისტემა მოქმედებს - ერთი მრავალდღიანი ბილეთით შეგიძლია გოდერძის, მესტიის, გუდაურის, ბაკურიანის საბაგიროებით ისარგებლო. 

აღნიშნულ მარშრუტზე წასასვლელად შეგიძლია გუდაურში არსებულ სასტუმროებში დაბინავდე. მარშრუტი შესაძლოა თბილისიდანაც დაიგეგმოს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა