KA

სკიტური მესტია-ჭალაათი

საწყისი წერტილი - 1500 უმაღლესი წერტილი - 3400 ვერტიკალი - +1900 -1760 მესტია-ჭალაათის მარშრუტზე წასვლა, ისევე, როგორც სკიტურის სხვა მარშრუტებზე, მხოლოდ გაუკვალავ თოვლში მოთხილამურეებისთვისაა რეკომენდებული. აუცილებელი რეკომენდაციაა მარშრუტზე სერტიფიცირებულ გამყოლთან ერთად გასვლა.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მესტია

ადგილმდებარეობა 

დაბა მესტია სვანეთში, ზღვის დონიდან 1500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ის მდინარეების - მესტიაჭალისა და მულხურის ნაპირებზეა გაშლილი. დაბა გარშემორტყმულია ტყიანი ქედებითა და მწვერვალებით. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მას ბანგურიანის ქედი დაჰყურებს. 

მესტია სვანეთის ადმინისტრაციული ცენტრია და კულტურული თუ გასართობი სანახაობების სიმრავლით გამოირჩევა. მესტიის ცენტრიდან 1 კილომეტრშია საბაგირო, რომელიც სათხილამურო მიმართულებებზე - ჰაწვალზე აგიყვანს

საფეხმავლო ტურების, პიკნიკებისა და სხვა აქტივობების მოყვარულებს ჰაწვალი ზაფხულის განმავლობაშიც იღებს. მისი სიმაღლიდან სვანეთის საუკეთესო ხედები იშლება. 

მარშრუტი

მარშრუტი იწყება მესტიაში, 1500 მეტრ სიმაღლეზე. ტყის გავლით ჩრდილოეთით მდებარე მთისკენ მივემართებით. 800 ვერტიკალის ავლის შემდეგ ალპური ზონა იწყება და მარშრუტი ისევ ჩრდილოეთით მიუყვება ქედს ტბებისკენ. ტბების გავლით, 600 ვერტიკალის ავლის მერე, კლდოვან ქედზე გადავდივართ, საიდანაც 3400 მეტრ სიმაღლეზე აღმოვჩნდებით. 

აქედან დავეშვებით ჭალაათის მყინვარზე, რომელიც სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთით  მდებარეობს. მყინვარის სიგრძე 6 კილომეტრია. მის ძირში სათავეს იღებს მდინარე მესტიაჭალა. 

მარშრუტს ჭალაათის ხიდთან ვასრულებთ, საიდანაც მესტიის ცენტრამდე 7 კილომეტრია. 

აღნიშნულ მარშრუტზე სრიალი სერტიფიცირებული გიდის თანხლებას საჭიროებს, ვინაიდან მყინვარზე სრიალი გარკვეულ სპეციფიკას  მოითხოვს და უსაფრთხოებისთვის დამატებითი აღჭურვილობაა საჭირო.

რა უნდა გაითვალისწინო

მარშრუტის ბოლო წერტილიდან მესტიამდე მისასვლელად მაღალი გამავლობის ავტომობილი დაგჭირდება. 

აუცილებელი აღჭურვილობაა: სკიტურის თხილამურები, საზვავო უსაფრთხოების ჩანთა, საზვავო გადამცემი, ნიჩაბი, ზონდი და სხვა საჭირო ნივთები.

აღნიშნულ მარშრუტზე წასასვლელად შეგიძლია მესტიაში არსებულ სასტუმროებში დაბინავდე. 

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე არსებულ საბაგიროებზე ერთიანი აბონემენტების სისტემა მოქმედებს - ერთი მრავალდღიანი ბილეთით შეგიძლია გოდერძის, მესტიის, გუდაურის, დაბა ბაკურიანის საბაგიროებით ისარგებლო.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა