KA

ბოდბე

ბოდბე, რომელიც სოფლების - ზემო ბოდბისა და ქვემო ბოდბის გავრცელებული სახელწოდებაა, კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. როდესაც სიღნაღიდან ბოდბისკენ წახვალ, გზად პირველი ბოდბის მონასტერი შეგხვდება.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
2:00 სთ
ბათუმი
7:25 სთ
ქუთაისი
5:05 სთ

ბოდბის ისტორიული წარსული

ბოდბე უპირველესად წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება, რომელმაც მეოთხე საუკუნეში კაბადოკიიდან საქართველოში ქრისტიანობა შემოიტანა და 31 წლის ასაკში ბოდბეში აღესრულა. მის საფლავზე საქართველოს პირველმა ქრისტიანმა მეფემ მირიანმა ეკლესია ააგო. სწორედ ამ ადგილას წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერს შეხვდები. წმინდა ნინოს საფლავზე ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით მომლოცველი მოდის.

ბოდბის მონასტერი

ტაძრის ეზოდან ულამაზესი კიბეებით, ტყის გავლით ხევში ეშვები, სადაც წმინდა ნინოს წყაროა. ის წმინდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულა და მას სასწაულმოქმედ ძალას მიაწერენ. წლის ყოველ სეზონზე აქ მომლოცველების რიგი დგას; სპეციალურად მოწყობილ ემბაზში კი მრავალი ადამიანი ჩადის - ჯანმრთელიც და სნეულიც. ამბობენ, რომ ამ წყალმა ბევრი განკურნა. აქვეა აგებული წმინდა ნინოს მშობლების - წმინდა ზებულონისა და სოსანას სახელობის პატარა ტაძარი.

ბოდბის მონასტრიდან 15-25 წუთის სავალზეა სოფლები - ზემო და ქვემო ბოდბე. ეს გზა განსაკუთრებით ლამაზია შემოდგომაზე, როცა  ბროწეულები და მსხმოიარე ბუჩქები მთელ საავტომობილო გზას მიუყვება. 

ბოდბეში სტუმრობისთვის საუკეთესო დრო აგვისტო-ოქტომბერია, როცა თვალუწვდენელი სივრცე ხორბლის ყანებითა და მზესუმზირას ბაღებითაა სავსე. აქ ეზოებში ყურძნის ტალავერსაც ხშირად შეხვდები, ვენახები კი სოფლის ირგვლივ არის გამწკრივებული. აქაური ყურძენიც განსაკუთრებული შაქრიანობითა და გემოთი გამოირჩევა. 

ზემო და ქვემო ბოდბე

ზემო ბოდბის სამხრეთ საზღვარზე „დაცულტყე“ შეგხვდება, სადაც მუხა, წიფელი, რცხილა, იფანი, ცაცხვი და ფიჭვი ხარობს.

ქვემო ბოდბე კი ღვინით, ხორბლისა და მზესუმზირას ზეთის წარმოებითაა ცნობილი. 

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა