ქართველთა მეფე ქალს - თამარს თურმე ეკლესია მოუნახულებია. ტაძრის დათვალიერების შემდეგ ტრაპეზი გამართულა. თამარს ვაშლის გასათლელად თავისი დანა ამოუღია და მერე მაგიდაზე დაუდვია. მოგვიანებით მოუკითხავს, მაგრამ დანა ადგილზე აღარ დახვედრია. როგორც გაურკვევიათ, ერთ იქაურ ახალგაზრდას მეფე ქალის ნივთი აუღია და შეყვარებულისთვის ერთგულება ამ „დანის პირზე“ შეუფიცავს. ასე დაერქვა მთიანი აჭარის ამ განაპირა სოფელს დანისპარაული.
დანისპარაული ბათუმიდან 110 კმ-ში, ხულოს მუნიციპალიტეტში, მდინარე აჭარისწყლის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1520 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელს ხუთსაუკუნოვანი ისტორია აქვს, რაზედაც მისი ძველი ნასახლარები და ეკლესიის ნანგრევები მიუთითებს.
სოფელში ამაყობენ უძველესი ქვის ფურნით, რომელიც დაახლოებით ორასი წლისაა. ადგილობრივების გადმოცემით, აქ აცხობდნენ პურს, ახმობდნენ ხილს და აშრობდნენ სიმინდს.
ეს სოფელი ხულო - გოდერძი - მწვანე ტბა - ბეშუმის ტურისტული მარშრუტის შემადგენელი ნაწილია და აქ წელიწადის ყველა დროს ბევრი ვიზიტორია.
ძველი აჭარული სახლები ზაფხულობით წიწვოვანი ტყით არის შემოფარგლული, მთის ფერდობები კი ირგვლივ მინდვრის ფერადი ყვავილებით იფარება. აქ ბევრია საპიკნიკე და სასეირნო ადგილი.
ზამთარში ყველაფერი თეთრ სამოსს იცვამს და გარემო გემოვნებიანი მხატვრის შავ-თეთრ ტილოს ემსგავსება. ამ დროს შეგიძლია, გაუკვალავ თოვლში თხილამურებით ისრიალო. თუკი არ იცი, პროფესიონალები თხილამურებზე დგომასაც შეგასწავლიან - სოფელში სათხილამურო სკოლა ფუნქციონირებს. მუშაობს 200-მეტრიანი საბაგიროც.
დანისპარაულში შეგიძლია, ღამე საოჯახო სასტუმროში გაატარო, სადაც ადგილობრივ, ტრადიციულ კერძებს დააგემოვნებ. განსაკუთრებული ჰავა და ჰაერი აქაურ წყალს სხეულის გამაჯანსაღებელ თვისებებს სძენს და ისიც აუცილებლად უნდა გასინჯო.