KA

კვარიათი

ხმაურიან ბათუმს სულ რაღაც 15 წუთის სავალზე თუ გასცდები, ულამაზეს მთებში კამკამა ზღვის სანაპიროს აღმოაჩენ. აქ პატარა სოფელი კვარიათია, რომელიც დამსვენებელს უნიკალური ადგილმდებარეობით, ჰავით, სიმშვიდითა და ფერადი კენჭებით მოფენილი სანაპიროთი იზიდავს.  
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
6:25 სთ
ბათუმი
0:30 სთ
ქუთაისი
3:05 სთ

კურორტი კვარიათი  

კვარიათის იოდითა და ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის. იმისთვის, რომ არ მოიწყინონ, შეგიძლია ბავშვები კატერით, წყლის ბანანით ან იახტით გაასეირნო. მათთვის სათამაშო და საცურაო სივრცეები საოჯახო სასტუმროების ეზოებშიც არის მოწყობილი. 

გასართობი აქ უფროსებისთვისაცაა, მაგალითად, დაივინგცენტრი, რომელიც კვარიათის მდიდარი წყალქვეშა სამყაროს დათვალიერების შესაძლებლობას მოგცემს.

სად გაჩერდები კვარიათში?

კვარიათს ერთი მხრიდან - სარფი, მეორე მხრიდან კი სოფელი გონიო ესაზღვრება. საოცარ ბუნებაში ჩაფლული სოფელი სავსეა პატარა (საოჯახო ტიპის) თუ დიდი სასტუმროებით. თითქმის ყველა სასტუმროს აქვს ნებისმიერ დამსვენებელზე გათვლილი ნომრები, აუზები და კომფორტული დასვენებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. 

სასტუმროების ნაწილი მთებშია აშენებული. მათი ფანჯრებიდან ხედები იშლება როგორც ლაჟვარდოვანი ზღვის სანაპიროზე, ისე მწვანედ შემოსილ ულამაზეს ტყეზე. თუმცა კვარიათი მეტსაც შემოგთავაზებს. თუკი ნომრიდან პირდაპირ ზღვაზე გასვლა გინდა, სასტუმრო სანაპირო ზოლზეც დგას.     

კამკამა წყალში ცურვის შემდეგ მოშივებულს რესტორნები, ბარები და ღია კაფეები ადგილობრივი და ევროპული კერძების დიდ არჩევანს შემოგთავაზებს. ბუნგალოები კვარიათის სანაპიროზე ღამითაც მუშაობს. აქ ცივი სასმელები, კოქტეილების დიდი არჩევანი და პროფესიონალი DJ-ების მიერ შერჩეული ქართული თუ მსოფლიო ჰიტები გელოდება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა