სოფელი კიკეთი თბილისიდან 18 კმ-ის დაშორებით მდებარეობს და ადმინისტრაციული დაყოფით თბილისის მთაწმინდის მუნიციპალიტეტში შედის.
სოფელი თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოებაზე, ზღვის დონიდან 1200 მ-ზეა გაშენებული. კიკეთს თბილი და მშრალი ზაფხული და ზომიერად ცივი ზამთარი ახასიათებს. აქ ზაფხულის საშუალო ტემპერატურაა +23 C°, +26 C°, ხოლო ზამთრის -2,5 C°. კიკეთის შერეული ტყის (ნაძვი, სოჭი, მუხა, წიფელი და სხვ.) ჰაერი ძალიან სასარგებლოა სასუნთქი ორგანოების დაავადებების პროფილაქტიკისთვის.
კიკეთი ცნობილია ველოსპორტის მოყვარულებშიც. კიკეთის გადასახვევთან იწყება ველობილიკი, სადაც პერიოდულად სამთო ველოტურები იმართება. ველობილიკი კიკეთზე გაივლის და ასურეთის მიმართულებით, ტყის გზის გასწვრივ ეშვება. ამ გზაზე ქვემო ქართლის ულამაზესი ხედებით ისიამოვნებ.
სოფელი ისტორიულ წყაროებში პირველად XVIII საუკუნეშია ნახსენები საბარათიანოს სოფლის სახელით. თუმცა არქეოლოგებმა ამ ტერიტორიაზე სამაროვანი აღმოაჩინეს, რომელიც ადრინდელ ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება.
კიკეთის მახლობლად, მდინარე ასურეთისწყლის ხეობაში XIII საუკუნის I ნახევრის კაბენის მონასტერი მდებარეობს. მონასტერთან ახლოს კი კაბენის ჩანჩქერები ჩამოედინება.