KA

მუცო - უნიკალური სოფელი ხევსურეთში

ეს ხევსურეთია, საქართველოს უნიკალური და მრავალმხრივ საინტერესო მხარე. როდესაც აქ მოხვდები, შატილის კოშკები მოინახულე და ღამე სოფლის მყუდრო საოჯახო სასტუმროში ან მდინარე არღუნის ნაპირზე, კარავთან დანთებულ კოცონთან, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ გაატარე. შთაბეჭდილებებით სავსე ვერ წარმოიდგენ, რომ აქვე, 11 კილომეტრში, კიდევ ერთი უჩვეულო სანახაობა გელოდება - რთული რელიეფის სამ ტერასაზე განლაგებული, ისტორიული ციხე-სოფელი მუცო. ის ორი საუკუნის წინათ გაუკაცრიელებულა და აქ განსაკუთრებულ შემთხვევაში თუ მოხვდებოდა თითო-ოროლა ადამიანი.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
4:05 სთ
ბათუმი
8:30 სთ
ქუთაისი
6:15 სთ

მუცოს რეაბილიტაცია

გასული საუკუნის ბოლო წლებში ამ მიტოვებული სოფლის აღდგენა დაიწყო.  პარიზში ევროპული მემკვიდრეობის სამიტზე ციხე-სოფელ მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა ევროკავშირის უმაღლესი შეფასება - „ევროპა ნოსტრას“ ჯილდო დაიმსახურა. ჟიურიმ მუცოზე არჩევანი 34 ქვეყნის 149 განაცხადიდან გააკეთა. 

მუცოს ღირსშესანიშნაობები

ეს უძველესი სოფელი ზღვის დონიდან 1880 მეტრზე, მდინარე არდოტის წყლის ხეობაში მდებარეობს. 

აქ “უცნაური” არქიტექტურითა და სამშენებლო ტექნიკით შესრულებული ნაგებობები დგას, რომლებიც თითქოს კლდეების გაგრძელებაა. საშენ მასალად ფიქალია გამოყენებული. შენობები ერთმანეთს ისე ეკვრის, რომ გარეთა მხრიდან საბრძოლო ზღუდე იქმნება. 

ამ სოფელს თავიდანვე საფორტიფიკაციო ფუნქცია ჰქონდა - ჩრდილოეთიდან საქართველოში მომავალ გზებს დარაჯობდა. 

მუცო ერთ-ერთი უძველესი ნასახლარია საქართველოში, რომელმაც ასეთი გამოკვეთილი სახით მოაღწია ჩვენამდე;

მუცოს ციხე-სოფლის შემადგენლობაშია: ბორჩაშვილების ციხე-სახლი, ბროლისკალოს წმინდა გიორგის ხატი, თორღვაის კოშკი და ციხე-სახლი, ჩოლოყაანთ კოშკი და კოშკიანი ციხე-სახლი. 

სოფლის ლაბირინთებში ბევრ საინტერესო ამბავსა და ლეგენდას მოისმენ, თუკი გიდს გაიყოლებ. 

აქ ტურისტული სეზონი მაისის ბოლოდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება. როცა პირველი თოვლი მოვა, გადაადგილება უკვე სახიფათოა. 

მუცო იდეალური ადგილია ეთნოგრაფიული მოგზაურობებისა და ლაშქრობებისთვის. ხელუხლებელი ბუნების ფოტოკამერაზე აღბეჭდვა კი ნამდვილად მოგინდება. მუცოსკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე კარგ საპიკნიკე და საკემპინგე ადგილსაც ნახავ. მუცოს სიახლოვეს ღამეს მხოლოდ კარავში თუ გაათევ, საოჯახო სასტუმრო შატილში ან სოფელ არდოტში უნდა დაჯავშნო.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა