KA

სარო და ხიზაბავრა

სამხრეთ საქართველოში ერთმანეთის გვერდიგვერდ მდებარეობს უძველესი და მდიდარი წარსულის მქონე ორი სოფელი – სარო და ხიზაბავრა. მათ შემოგარენში მოპოვებული არქეოლოგიური მასალა და დღემდე შემორჩენილი მეგალითები იმის დასტურია, რომ აქ ადამიანები ძვ.წ. III ათასწლეულიდან უწყვეტად ცხოვრობენ.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
4:10 სთ
ბათუმი
6:10 სთ
ქუთაისი
4:30 სთ

სოფელი სარო

სოფელი სარო სამცხისა და ჯავახეთის გასაყარზე, ზღვის დონიდან 1480 მეტრის სიმაღლეზეა, ხოლო ასპინძიდან 17 კილომეტრში.

ამ სოფელში მთელი არქიტექტურული კომპლექსია და აქ ეგვიპტური პირამიდების ეპოქაში აგებულ ციკლოპურ ციხესიმაგრეს ნახავ.  

ციხე აგებულია უზარმაზარი ქვის ლოდებისგან - ზოგი დაუმუშავებელია, ზოგი დამუშავებული და შემდეგ ერთმანეთზე მშრალად დაწყობილი. საროს მეგალითები, როგორც ზოგადად მეგალითური კულტურა, ძვ.წ. III-II ათასწლეულებით თარიღდება.  

ციხე სამი ნაწილისგან შედგება - ქვეუბნის ციხე, ზედა ციხე და ახალი ციხე, რომლებიც სხვადასხვა დროს აღუდგენიათ და დუღაბი მხოლოდ XII საუკუნეში გამოუყენებიათ.

 „ქვეუბნის ციხე“ ფრიალო კლდეზეა აგებული და საკმაოდ დიდი ფართობი უკავია. აქ კედლებად ბაზალტის თლილი ქვები გამოუყენებიათ.

„ზემო ციხე“ ორი ნაწილისგან შედგება და დამუშავებულია უზარმაზარი ქვის ლოდებით, ციხის შესასვლელი კი ჩრდილოეთიდან იყო. „ახალი ციხე“ ანუ კოშკი სამი მხრიდან მიუვალია და მას მხოლოდ აღმოსავლეთის მხრიდან აქვს მისასვლელი.

საროს არქიტექტურული კომპლექსი მთავარანგელოზის ეკლესიასაც მოიცავს, რომელიც VII-VIII საუკუნეებით თარიღდება და XIX საუკუნეშია განახლებული. 

სოფელი ხიზაბავრა

სოფელ ხიზაბავრის ისტორიაც უძველესია. არქეოლოგიური მასალების თანახმად, ეს ტერიტორია ძვ.წ. II-I ათასწლეულებიდანაა დასახლებული. 

VI საუკუნიდან კი ის ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი სოფელი იყო, სადაც დღეს რამდენიმე ოჯახიღაა შემორჩენილი. 

ხიზაბავრაში ნახავ უძველეს მესხურ ოდებს, სადაც კერძებს ტრადიციულ მესხურ საცხობში - ფურნეში ამზადებენ.

სოფელში თამარ მეფის დროინდელ, XII საუკუნის ტერასებზე უძველესი მესხური ვაზის ჯიშებია აღდგენილი.

მესხეთი საქართველოში მევენახეობის ყველაზე მაღალმთიანი რეგიონია. აქ, ხიზაბავრაში, ვაზი ზღვის დონიდან 1590 მეტრ სიმაღლეზე იზრდება.

ხიზაბავრის მცხოვრებთა ნაწილი კათოლიკეა. სოფელში იესოს უწმინდესი გულის სახელობის კათოლიკური ტაძარი მდებარეობს, რომელიც XIX საუკუნეშია აშენებული.

სოფელში უძველესია ხიზას ეკლესია და მას ერთი ემოციური ლეგენდაც უკავშირდება. ეკლესიის აღდგენისას ამ ტერიტორიაზე ბევრი ჩონჩხი აღმოაჩინეს. ლეგენდის თანახმად, ხიზას ეკლესიაში ქორწილი ყოფილა, რა დროსაც სოფელს მტერი შემოსევია. ეკლესიაში მყოფი ხალხი ამოუხოცავთ. მეფე-დედოფალი კი თან წაუყვანიათ, თუმცა შემდეგ გზაში, სხვადასხვა ადგილას მოუკლავთ. ახლა სოფელში ამ ადგილებზე ორი წყაროა - დედოფლის წყარო და მეფის წყარო.

ზოგადად, ხიზაბავრა ლეგენდების სოფელია. ადგილობრივები დღესაც მოგიყვებიან ლეგენდას დარანების - მიწისქვეშა გვირაბების შესახებ, რომლებიც სოფლის თავდაცვით სისტემას ქმნიდა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა