KA

სულორი

ლეგენდის თანახმად, თერმული წყლები აქ მონადირეებმა აღმოაჩინეს, როცა თოვლში მიწიდან ამომავალი ორთქლი შენიშნეს. მოგვიანებით ამ ადგილას დროებით უნარშეზღუდული გოგონა მიუყვანიათ და „მაგიურ წყალში“ ჩაუსვამთ. რამდენიმე მცდელობის შემდეგ გოგოს ფეხზე გაუვლია. ეს კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი სულორია, რომელიც ანტიკურ ქალაქ ვანიდან 11 კმ-ის მოშორებით მდებარეობს და მრავალი სამკურნალო თვისების მქონე თერმული მინერალური წყლებით არის ცნობილი.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
4:15 სთ
ბათუმი
2:30 სთ
ქუთაისი
0:55 სთ

„მაგიური წყალი“

სულორის გამაჯანსაღებელი წყლები როგორც საყრდენ-სამოძრაო აპარატის, ისე პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალო აბაზანებისთვის გამოიყენება და მრავალ ტურისტს იზიდავს. თანამედროვე სტანდარტების პოლიკლინიკაში 32 ინდივიდუალური აბაზანაა. ფუნქციონირებს თერმული სპა ცენტრიც, რომელიც 6 ინდივიდუალურ აბაზანას აერთიანებს. სამკურნალო მასაჟები და სხვა პროცედურები თერმული წყლით კეთდება, რომლის ტემპერატურაც ზამთარ-ზაფხულ 38 გრადუსია.   

„სულ ორი“

3 ჰექტარი ფართობის მქონე კურორტი მდინარე სულორის ნაპირებზეა გაშენებული, რომელსაც ორი შენაკადი აქვს და ამიტომაც ჰქვია ეს სახელი – „სულ ორი“. 

რეაბილიტირებულ სულორში დამსვენებლებს ახლად გარემონტებული კოტეჯები, განახლებული პარკი და მწვანეში ჩაფლული ულამაზესი ლანდშაფტი ელოდებათ. აქ ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, ზამთარი რბილი და უთოვლო იცის, ზაფხული კი - ცხელი. სიგრილეს კურორტზე წიწვოვანი ტყე-პარკი განაპირობებს.  

სულორში ადგილობრივი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციით დამზადებული ტრადიციული კერძების დაგემოვნებაც შეგიძლია. აუცილებლად უნდა გასინჯო აქაური პური, თაფლი და რძის ნაწარმი.

გორმაღლის ციხე

სულორის ღირსშესანიშნაობაა ისტორიული კოშკი - გორმაღლის ციხე. მისგან რამდენიმე კილომეტრში, მდინარე სულორისა და რიონის შესართავთან კი ვანის ანტიკური ნაქალაქარია, რომელსაც ძვ.წ. VIII საუკუნიდან ბერძნულ სამყაროსთან მჭიდრო ეკონომიკური თუ კულტურული კავშირი ჰქონდა. ამას არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ნამარხები და ღირსშესანიშნაობები ადასტურებს.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა