KA

ჩაჟაში

ჩაჟაში სოფელი მუზეუმია, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში დაცული კომპლექსი, რომელიც სვანეთის უნიკალურ არქიტექტურასა და მდიდარ ისტორიას ინახავს. ბუნებრივი იზოლაციის წყალობით გადარჩენილი სოფელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი სოფელია ევროპაში.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
8:10 სთ
ბათუმი
6:40 სთ
ქუთაისი
4:25 სთ

ჩაჟაშის ღირსშესანიშნაობები - კოშკი და ეკლესია

ჩაჟაში სვანურად ცხენების სადგომს ნიშნავს და როგორც ამბობენ, უშგულში ასული თამარ მეფე ცხენებს აქ აჩერებდა და სოფლის სახელიც აქედან წამოვიდა. 

სოფელი, რომელიც იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა, 13 კოშკს, 4 ციხე-სახლს, 21 მაჩუბს (საცხოვრებელი სახლი კოშკის გვერდით), 11 საცხოვრებელსა და ათეულზე მეტ დამხმარე ნაგებობას აერთიანებს. 

უშგულის თემის სოფლებიდან სწორედ აქ, ჩაჟაშშია შემორჩენილი ყველაზე მეტი სვანური კოშკი. სოფელში უშგულის არქეოლოგიური მუზეუმიც შეგიძლია დაათვალიერო. 

სოფლის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა XII-XIII საუკუნეების ციხესიმაგრე, რომელიც სოფლის სამხრეთით მთაზე დგას. მისი სამი კოშკიდან ორი ნაწილობრივ დანგრეულია, მესამე კი უცვლელი სახითაა შენარჩუნებული. ამბობენ, რომ ეს ციხესიმაგრე თამარ მეფის ზამთრის რეზიდენცია იყო. 

ჩაჟაშში შეგიძლია, მოინახულო შუა საუკუნეების კოშკიც, რომელსაც თამარ მეფის საზაფხულო კოშკად მოიხსენიებენ. ეს რეზიდენცია კიდევ ერთ კოშკსა და X საუკუნით დათარიღებულ ეკლესიასაც მოიცავდა, საიდანაც ახლა მხოლოდ ეკლესიაა შემორჩენილი. 

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით მდიდარ სოფელში კიდევ ერთი ეკლესია დგას, მაცხოვრის სახელობის, რომელიც XI-XII საუკუნეებს მიეკუთვნება. ის გამორჩეულია იმითაც, რომ ფრესკა გარე ფასადზე აქვს, რაც საქართველოში მხოლოდ სვანეთშია დაფიქსირებული. 

როგორ მოვხვდეთ ჩაჟაშში?

მესტიიდან 45 კილომეტრში მდებარე ჩაჟაში უშგულის თემის სოფელია. ის სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების - ენგურისა და შავწყალა-ქვიშარის შესართავთან, ზღვის დონიდან 2160 მეტრ სიმაღლეზეა გაშენებული. 

ჩაჟაშში მოსახვედრად მესტიიდან მაღალი გამავლობის ავტომობილი დაგჭირდება. გზა საკმაოდ რთულია და ამინდის გაუარესების შემთხვევაში გაუვალი ხდება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა