ხელვაჩაურში მდებარე ძეგლები საუკუნეებს ითვლის. დაათვალიერე უძველესი გონიოსა და წინაფეოდალური ხანის გვარას ციხეები, საიდანაც მდინარეების - ჭოროხისა და მაჭახელას შესართავის ულამაზესი ხედები იშლება; ნახე გვარას XI საუკუნით დათარიღებული 22 ძველთაძველი ქვევრი, შეაფასე 150 კვ.მ-ზე გაშენებული ციხის არქიტექტურა.
ჩხუტუნეთის ციხე დღეს ნანგრევების სახითაა შემორჩენილი, მაგრამ აქ 32-მეტრიანი გვირაბიც დაგხვდება. ხედები ჩხუტუნეთშიც არაჩვეულებრივია - მდინარე მაჭახელასა და დავითეთის ღელის შესართავი ხელისგულივით ჩანს.
აუცილებლად ნახე კლდეებზე შემდგარი მირვეთის (XI-XIII სს.) თაღოვანი ხიდი. ის აჭარისწყლის გადასახვევიდან 7 კმ-ში დგას, 2013 წელს რესტავრაცია ჩაუტარდა და ისევ მოქმედია.
მდინარე მაჭახელაზე აგებული ცხემლარას თაღოვანი ხიდიც საინტერესოა. მისი საშუალებით სოფლის მოსახლეობა ერთმანეთს უკავშირდება. ხიდის სიგრძე 22 მეტრია, მაქსიმალური სიმაღლე კი 5,55 მეტრს აღწევს. 2006 წელს მას კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ზღვის დონიდან 500-1200 მეტრ სიმაღლეზე მდებარე მთაგორიანი ხელვაჩაურის ტყეებში მრავლადაა დათვი, მგელი, ირემი, შველი. აქ ნახავ მწყერს, ძერას, ოფოფს, ჭილყვავს, ტყის ქათამს, გედს, იხვს.
ხელვაჩაურში აუცილებლად უნდა მოინახულო მტირალასა და მაჭახელას ეროვნული პარკები. მტირალას პარკი ამავე სახელწოდების მთაზეა. ეს ადგილი მთელ ევროპაში ყველაზე ტენიან ადგილად მიიჩნევა. აქ ხშირია ნისლი, წვიმა და სახელი „მტირალაც“ სწორედ აქედან მოდის. მაჭახელას პარკის სახელით კი მდინარე მაჭახელას ფერდობზე მოფენილი დაბურული ტყეა ცნობილი. აქ არსებული ხე-მცენარეების უმეტესობა უნიკალური და იშვიათია.
ორივე პარკში მოწყობილია საფეხმავლო ბილიკები, თავშესაფრები და ლაშქრობისათვის საჭირო ყველა ინფრასტრუქტურა. მაჭახელას პარკში ლაშქრობა პარკის ადმინისტრაციასთან 5 სამუშაო დღით ადრე უნდა შეათანხმო - ეს საზღვრისპირა ტერიტორიაა და საშვი დაგჭირდება.