KA

საჩხერე

მთაგორიანი იმერეთის სოფლები და ქალაქები, რომლებიც სიმწვანეშია ჩაფლული, ერთი შეხედვით ნახატს ჰგავს. ამ დაუვიწყარ სანახაობას მდინარეების - ყვირილისა და ძირულის ზემო და შუა დინებების აუზში მოქცეული საჩხერე კიდევ უფრო მეტ მშვენიერებას მატებს, რადგან მისი ბუნება გამორჩეულად მომხიბვლელია.

საჩხერის ისტორია  

ისტორიულ წყაროებში საჩხერე პირველად  XVII საუკუნეში მოიხსენიება. გვიან ფეოდალურ ხანაში ის ძლიერი სავაჭრო ცენტრი იყო. დღეს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 127 ისტორიული ძეგლია, რომელთაგან 27 ეროვნული მნიშვნელობისაა, 100 კი - ადგილობრივი. არქეოლოგიური გათხრებით დადასტურებულია ცივილიზაციის უწყვეტი განვითარება ადრეული ბრინჯაოს ხანიდან დღემდე. საჩხერის ისტორიას გვიყვება 1910 წელს ცნობილი ქართველი მეცნიერის ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გათხრილი ყორღანი, ნაჩერქეზევის, ცარცის გორის ყორღნული სამარხები, ქორეთის ყორღნები, სოფელ არგვეთის ნამოსახლარი და სხვა. 

საჩხერის ღირსშესანიშნაობები

საჩხერის გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა XVIII საუკუნის ისტორიული ციხესიმაგრე „მოდინახე“. გადმოცემის თანახმად, თავადმა პაპუნა წერეთელმა ის მას შემდეგ ააგო, რაც თავად დავით აბაშიძისგან ქალიშვილის მითხოვებაზე უარი მიიღო. საყვარელი ქალის ხელის მოსაპოვებლად პაპუნამ დიდი ციხე ააშენა და სასიმამროს მისწერა, „მოდი და ნახეო“.    

საჩხერეში აუცილებლად უნდა მოინახულო აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი, რომელიც სოფელ სხვიტორში მდებარეობს; ასევე - სოფელ ცხომარეთის მიდამოებში აშენებული ჯრუჭის მონასტერი, სადაც ჯრუჭის ოთხთავად წოდებული სახარება ინახებოდა. სოფელ სავანეში 1046 წელს აშენებული სავანის წმინდა გიორგის ეკლესიაც საოცარი შთაბეჭდილებებით აგავსებს, აგრეთვე,  XI საუკუნის ქორეთის ღვთაების ეკლესია და XI საუკუნის სპეთის ზედამაცხოვარი სოფელ სპეთში.

იმერული ხაჭაპური და ღვინო

იმერეთის ამ პატარა, კოხტა ქალაქს იმერული სამზარეულოს „სავიზიტო ბარათი“ - ხაჭაპური კიდევ უფრო გასაოცარს ხდის. აქვე გირჩევ დააგემოვნო ადგილობრივი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები - ცოლიკაური, ქვიშხური, ციცქა და ძელშავი.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა