KA

წაღვერი

წაღვერი ის უნიკალური ადგილია, სადაც საინტერესო ლაშქრობების მოწყობაც შეგიძლია და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაც. მყუდრო დაბაში დასვენება ერთნაირად სასარგებლო იქნება როგორც უფროსებისთვის, ისე მათი პატარებისთვის და, ზოგადად, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
2:50 სთ
ბათუმი
5:20 სთ
ქუთაისი
3:05 სთ

სად მდებარეობს წაღვერი

წაღვერი ქალაქის ტიპის დასახლებაა და კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია, რომელიც ბორჯომიდან 20 კმ-ში, ზღვის დონიდან 1025-1050 მეტრ სიმაღლეზე, წიწვოვანი ტყეებით დაფარული მთების შუაში მდებარეობს. 

წაღვერის ისტორია

წაღვერის მიდამოებში ადამიანებს უძველესი დროიდან უცხოვრიათ. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აქ ბრინჯაოს ხანისა და თამარ მეფის დროინდელი ნივთები აღმოაჩინეს. 

რაც შეეხება სახელს, ვარაუდობენ, რომ სახელი „წაღვერი“ სიტყვა „წიაღველისგან“ უნდა მოდიოდეს, რაც გაღმა მდებარე ველს ნიშნავს. 

რას ნახავ წაღვერში

წაღვერში XIV საუკუნით დათარიღებული წმინდა გიორგის ერთნავიანი ბაზილიკა დგას. ეკლესია კლდეში გამოჭრილ ბაქანზეა აშენებული და საინტერესო სანახავია. 

აქ ბევრი სალაშქრო ბილიკია, რომლებიც სხვადასხვა სირთულის თავგადასავალს შემოგთავაზებს, გაჩვენებს მთებს - გვირგვინასა და თორტიზას, ასევე უზნარიანის ციხეს.

კურორტი წაღვერი

წაღვერი ცნობილია სამკურნალო წყლებით, მზის რადიაციით მდიდარი და წიწვნარის სურნელით გაჟღენთილი მთის ჰავით, რაც  განსაკუთრებით სასარგებლოა ზედა სასუნთქი გზების, ბრონქებისა და ფილტვების პრობლემების დროს. აქაური ჰავა აძლიერებს იმუნურ სისტემას და მკვეთრად ამცირებს ავადობის სიხშირეს. 

წაღვერში თოვლიანი ზამთარი და მშრალი ზაფხული იცის, შესაბამისად, გამაჯანსაღებელი სეზონი აქ მაისიდან იწყება და სექტემბრის ბოლომდე გრძელდება. ადგილების დაჯავშნა საოჯახო სასტუმროებშია შესაძლებელი.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა